„ბუნების კარი“, ი. გოგებაშვილის მიერ შედგენილი ენციკლოპედიური ხასიათის სახელმძღვანელო, რ-იც შეიცავს მოთხრობების სახით ბავშვებისათვის საინტერესო, გასაგებად და მიმზიდველად დაწერილ სტატიებს ბუნებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა დარგიდან. „ბ. კ.“ წარმოადგენდა „ქართული ანბანისა და პირველი საკითხავი წიგნის“ (1865), ხოლო „დედაენის“ გამოსვლის (1876) შემდეგ აგრეთვე მის გაგრძელებას და გათვალისწინებული იყო როგორც საკითხავი წიგნი III–IV კლასების ბავშვებისათვის. პირველად დაიბეჭდა 1868. სულ 1918-მდე გამოიცა 27-ჯერ 179 975 ცალის რაოდენობით. ი. გოგებაშვილის თხზულებათა VI ტომში (1958) შესულია „ბ. კ-ის“ პირველი და ავტორის სიცოცხლეში უკანასკნელი (ოცდამერვე, 1912) გამოცემები.
„ბ. კ-ში“ შეტანილია ქართ. ხალხ. შემოქმედებისა და სიტყვაკაზმული მწერლობის საკუეთესო პოეტური და პროზაული ნიმუშები. სტატიები ადამიანის, მცენარეების, ცხოველების, მწერების, თევზების, წელიწადის დრონის, მოსავლის მცველი ფრინველების, ბუნებრივი მოვლენების შესახებ, აქვე შეტანილია თვით ი. გოგებაშვილის მიერ დაწერილი ისტ. მოთხრობები საქართვ. წარსულიდან და, ბოლოს, ცნობები მსოფლიოს ხალხთა შესახებ. „ბ. კ-ს“ მაღალი შეფასება მისცა ნ. ნიკოლაძემ („დროება“, 1868, № 46). სახელმძღვანელო დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში. მას ინტერესით კითხულობდა არა მარტო მოსწ. ახალგაზრდობა, არამედ მოზრდილებიც. ამ პოპულარობას მარტო გასაგები, ემოციური, მიმზიდველი შინაარსი კი არ განაპირობებდა, არამედ შედგენის პროგრ. პედ.-დიდაქტიკური პრინციპები, „ბ. კ-მა“ დიდი როლი შეასრულა ქართვ. მოზარდი თაობის ეროვნ. სულისკვეთებით აღზრდისა და მეცნიერებათა საფუძვლების ცოდნით აღჭურვის საქმეში.
დ. გურგენიძე