ბურდაძორი

ბურდაძორი, სოფელი მარნეულის რ-ნშ (ხოჯორნის სოფლის საკრებულო), ლოქის ქედის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. ბურდაძორის (დებედის აუზი) ნაპირას. ზ. დ. 760 , მარნეულიდან 38 კმ, სადახლოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 6 კმ. 99 მცხ. (1989). მეცხოველეობა. არასრული საშ. სკოლა, ბ-კა, კლუბი.

ბ. პირველად იხსენიება მელქისედეკ კათალიკოსის „დაწერილში“ სვეტიცხოველისადმი (1029–33), საიდანაც ჩანს, რომ სოფელი საკათალიკოსოს კუთვნილება იყო. 1273 ახპატის სომხ. წარწერაში იხსენიება ბორდაძორის წმ. ხატი, რ-იც იქვე ინახებოდა. XVII–XVIII სს-ში ბ-ის ყმა მამულები არღუთაშვილებს ეკუთვნოდათ.

 სოფლის სასაფლაოზე, ეკლესიის მახლობლად, აღმოჩნდა კუბურ ბაზისში ჩასხმული დაახლ. 5 სიმაღლის სტელა, რ-საც ზედა ნაწილი მოტეხილი ჰქონდა. შემკულია ჩუქურთმებით. რელიეფები დაზიანებულია. ეკლესიის კედლის წყობიდან ამოიღეს მეორე, ე. წ. პატარა სტელა, მისი ბაზისის ერთ გვერდზე გამოსახულია წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარი (ე. წ. ბოლნური მედალიონი), მეორე გვერდზე ყოფილა წარწერა, რ-იც საგანგებოდაა გადაშლილი. სტელის ერთი მხარე უჭირავს რელიეფურად გამოსახულ ახალი აღთქმის სიუჟეტებს (ნათლისღება, ღვთისმშობელი ჩვილით, წმინდა ოჯახი), ზოგი მათგანი ძლიერ დაზიანებულია. სტელის დანარჩენი გვერდები შემკულია რელიეფურად გამოსახული მცენარეული ორნამენტით (ვაზის რტო, ყურძნის მტევნები და სხვ.). ორივე სტელა VI ს. მიეკუთვნება და ადრინდ. ფეოდ. ხანის სტელათა სხვა ნაწილებთან ერთად. რ-ებიც ჩაშენებული იყო იქვე მდგარი XIX ს. ეკლესიის კედლებში, გადმოტანილია საქართვ. ხელოვნ. მუზეუმში. XIX ს. დასაწყისში ბ. ძვ. მოსახლეობისაგან დაიცალა. 1840 აქ სომეხი ახალმოსახლეები ჩასახლდნენ, ახ. ეკლესიაც მათ ააგეს და ძვ. ეკლესიის სტელებიც მათ ჩააყოლეს კედლებში. სოფელში არის თიხის საბადო, ხოლო გათხრების დროს ნაპოვნია თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ქურები.

წყარო და ლიტ.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; მუსხელიშვილი დ., ქვემო ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპედიციის საველე სამუშაოთა (1956–58 წწ.) ანგარიში, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, [ტ.] 1; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970; ტ. 5, თბ., 1974; Чубинашвили Н. Г., Хандиси, Тб., 1972.

                                                                                         დ. ბერძენიშვილი 

ნ. ჩუბინაშვილი