ბურნაშეთი

ბურნაშეთი, სოფელი წალკის რ-ნში (კუშჩის სოფლის საკრებულო), წალკის ქვაბულის დას-ით, მდ. ქციის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1660 , წალკიდან 32 კმ. 521 მცხ. (1989). მესაქონლეობა, მეკარტოფილეობა, არასრული საშ. სკოლა, ბ-კა, კლუბი, ამბულატორია.

     XIX ს. შუა ხანებში ჩამოსახლებულმა სომხებმა თითქმის უცვლელად დატოვეს სოფლის ძვ. ქართული იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (განვითარებული შუა საუკ.). დიდი ზომის თლილი ქვით ნაგებ ეკლესიას შესასვლელი სამხრ-იდან აქვს. სამხრ., დას. და აღმ-ით ერთიან ქვის მასივში გაჭრილია თითო სარკმელი. სამივეს ამკობს კვეთილი ჩარჩო. დას. და აღმ. სარკმლების თავზე და ინტერიერში ტოლმკლავება ჯვრებია ამოკვეთილი. საკურთხევლის თაღზე მოთავსებულ ბარელიეფზე გამოსახულია ადამიანი. კარის თავზე ჩასმული გრძელი, სწორკუთხედის ფორმის ქვის შუაში, ნახევარწრეში ამოკვეთილია ლამაზი ორნამენტული წნული და ჯვარი. ნახევარწრის ბოლოებიც ჯვრებითაა შემკული. თვით ნახევარწრეში და მის ორივე მხარეს ამოკვეთილია ხუცური წარწერები. ეკლესია გადახურულია ქვის ფილებით. იატაკი კირხსნარით არის დაფარული.

ლიტ.: Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913.