ევსებუს კესარიელი (ლათ. Eusebius Caesariensis, berZn. Eusebios ho Kaisareus), ე ვ ს ე ბ ი პ ა მ ფ ი ლ ი ე ლ ი (260 და 263 შორის – 340), რომაელი საეკლესიო მწერალი, ისტორიკოსი, პალესტინის კესარეის ეპისკოპოსი 331-იდან. მსოფლიო ისტ. პროცესის ბიბლიურ-ქრისტ. კონცეფციის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ე. კ. ცდილობდა ანტ. მეცნიერების მიღწევათა გამოყენებას ეკლესიის ინტერესებისათვის. ერთხანს თანაუგრძნობდა არიანელობის ფუძემდებელს – არიოზს, შემდგომ განუდგა მის მოძღვრებას. ე. კ-ს ეკუთვნის „ქრონიკა", „საეკლესიო ისტორია", მასვე მიაწერენ პანეგირიკულ „ნეტარი იმპერატორის კონსტანტინეს ცხოვრებას". ე. კ-ის ძირითადი შრომა „საეკლესიო ისტორია" ძველთაგანვე ყოფილა თარგმნილი ქართულად, რაც ჩანს გიორგი ჭყონდიდელისადმი ექვთიმე ათონელის პასუხიდან, რ-შიც ეს წიგნი ეკლესიისთვის მიუღებელ თხზულებად არის მიჩნეული („იგი ქართულად უთარგმნია... კარგიცა მრავალი სწერია, გარნა ღუარძლიცა მრავალი ჩაურთავს და მით უჵმარ არს"). ალბათ, ამის გამო არ მოუღწევია ჩვენამდე „საეკლესიო ისტორიის" სრულ თარგმანს, გვხვდება მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. ესენია: „წამებაჲ იაკობ მოციქულისაჲ" (თარგმანი შესრულებულია ბერძნულიდან VIII ს-ში და მნიშვნელოვნად განსხვავდება დედნისგან), „ქებაჲ წმიდათა მოწამეთაჲ" (კომპილაციური ნაშრომი, შესრულებული „საეკლესიო ისტორიის" სხვადასხვა თავის მიხედვით, თარგმნილია VIII ს-ში სომხურიდან, მაგრამ რედაქციულად სომხ. წყაროსგანაც განსხვავდება), „წამებაჲ წმინდისა პროკოპისი" (ფრაგმენტი ამოღებულია ე. კ-ის შრომიდან „პალესტინელ მოწამეთა შესახებ თარგმნილია არა უგვიანეს VII ს-ში. ქართ. მწერლობაში პირველად ამ ძეგლში გვხვდება ციტატა „ილიადიდან": „არა კეთილ არს მრავალუფლება, ერთ უფალ იყავნ და ერთ მეუფე" („ილიადა", II, 204–205). ე. კ-ს აქვს ცნობები არგონავტების, მედეას, ტიბარენების, იბერების, სანიგებისა და ტრაპეზუნტის შესახებ.
თხზ.: Kirchengeschichte, 5. Aufl., B. – Lpz., 1952; Werke, Bd. 8, B., 1954; Соч., 2 изд., т. 1 – 2, СПб., 1950–58.
ლიტ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ალ. გამყრელიძის და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1961; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 6, თბ., 1972, გვ. 135–147; ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973, გვ. 76–77; W a l l a c e – N a d r i l l D., Eusebius of Caesarea, Westminster, 1961.
რ. მიმინოშვილი