ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება 1812, ამ ხელშეკრულებით დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის 1806–12 ომი. ხელი მოაწერეს 1812 წ. 16 (28) მაისს (რუს. მხრივ – მ. კუტუზოვმა, ოსმ. მხრივ – აჰმედ-ფაშამ). საზავო მოლაპარაკება დაიწყო 1811 ოქტ-ში, მას შემდეგ, რაც რუსებმა გაანადგურეს და გარემოცვაში მოაქციეს თურქების მთავარი სამხ. ძალები, თრქები ცდილობდნენ გაეჭიანურებინათ მოლაპარაკება, მაგრამ კუტუზოვმა შეძლო ნაპოლეონის შემოსევამდე ერთი თვით ადრე დაედო რუსეთისათვის მეტად ხელსაყრელი ზავი. ხელშეკრულებამ უზრუნველო რუს. სამხრ. საზღვრების უსაფრთხოება და ნაპოელონთან საბრძოლველად გამოათავისუფლა დუნაის არმია.
ბ. ს. ხ. შეიცავდა 16 საჯარო და 2 საიდუმლო მუხლს. ხელშეკრულებისთანახმად ბესარაბია გადაეცა რუსეთს, დუნაის სამთავროებში მკვეთრად შეიზღუდა ოსმ. უფლებები. მე-6 მუხლი ეხებოდა კავკასიასა და საქართველოს. რუსეთს ოსმალეთისათვის უნდა დაებრუნებინა იარაღით მოპოვებული ტერიტ. და ციხესიმაგრეები (ანაპა, ფოთი და ახალქალაქი), სამაგიეროდ თვითო რჩებოდა იმერეთი, სამეგრელო, გურია და აფხაზეთი. ამგვარად, ბ. ს. ხ-მ იურიდულად გააფორმა დას. საქართველოს შეერთება რუსეთთან. ბ. ს. ხ-ის მთავარი პუნქტები დაადასტურა აკერმანის კონვენციამ (1826).
ლიტ.: ქორთუა ნ., საქართველო 1806–1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომში, თბ., 1964; Фадеев А. В., Россия и Кавказ первой трети XIX в., [M., 1960].
ზ. ანჩაბაძე