ევსევი

ევსევი [ერისკაცობაში – ალექსი ალექსანდრეს ძე ი ლ ი ნ ს კ ი (გ. 1879)], საქართველოს VII ეგზარქოსი 1858–77 წლებში, მანამდე კამენეც-პოდოლსკის არქიეპისკოპოსი იყო. უმაღლესი განათლება მიიღო კიევის სას. აკადემიაში, 1844 აკურთხეს ეპისკოპოსად. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ე-ს მონაწილეობით 1860 დაარსდა „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება“; საქართვ. მთიანეთში „საზოგადოების" სახელით შეიქმნა სას. სკოლები; მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში, დაარსდა სასწავლებელი სამღვდელო პირთა ქალიშვილებისათვის; თბილისის სას. სემინარიასთან შეიქმნა საკვირაო სკოლა. იმდროინდელი ოფიც. ვერსიით ეგზარქოსი, რ-იც „კარგა ხანს ემსახურა თავის სამწყსოს... დიდი სიყვარულით გააცილა საქართვ. სამწყსომ ტვერის ეპარქიაში გადაყვანის დროს“. სინამდვილეში რუს. ხელისუფლებისაგან დიდი უფლებებით აღჭურვილი ე. დევნიდა ყოველგვარ თავისუფალ აზროვნებას, ლანძღვა-გინებით მოიხსენიებდა ქართვ. სამღვდელოებას და ქართვ. პედაგოგებს, ხშირად ფიზ. შეურაცხყოფასაც აყენებდა მათ, ზიზღით იყო განწყობილი ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძისადმი და ცდილობდა მის თავიდან მოშორებას. პირადი გამდიდრების მიზნით, ე-მ გაძარცვა საქართვ. ყოფილი საპატრიარქოს მიტრები, ძვირფასი ჯვრები და თავისი აგენტების მეშვეობით კოლექციონერებზე გაყიდა. ე-ს ხელშეწყობით 1869 ქუთაისის გენ.-გუბერნატორმა ლევაშოვმა გელათის მონასტრიდან გაიტანა მინანქრიანი, ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჩუქურთმიანი ხატი, მანვე საქართველოდან წაიღო XI ს. ოქროთი მოჭედილი დატიხრული მინანქრით დამშვენებული სახარება. ე-ს მითითებით გაიძარცვა თბილისის სიონის, მცხეთის, ალავერდის, ბოდბის, ჯუმათისა და სხვა მონასტრები. 1877 გადაიყვანეს ტვერისა და კაშინის არქიეპისკოპოსად.

ლიტ.: ბ უ ბ უ ლ ა შ ვ ი ლ ი  ე., ცარიზმის საეკლესიო პოლიტიკა საქართველოში და მისი შედეგები (XIX ს. II ნახ.), «რელიგია», 2003, N4–5–6; მ ი ს ი ვ ე, XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ეგზარქოსები (ზოგადი დახასიათება), კრ.: საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები, VII, თბ., 2004; ფ ე რ ა ძ ე  ი., საქართველოს ეგზარქოსები, «მოგზაური», 1901, N4.

ე. ბუბულაშვილი