ბუჩქისძირა

ბუჩქისძირა (Corydalis), მცენარეთა გვარი შავთარასებრთა ოჯახისა (ადრე ყაყაჩოსებრთა ოჯახს აკუთვნებდნენ). მრავალწლოვანი, იშვიათად ერთ- ან ორწლოვანი ბალახებია. აქვთ გორგლისებრ გამსხვილებული ფესვები და კენწრულ მტევნისებრ. ყვავილედებად შეკრებილი მოწითალო, იისფერი ან ყვითელი დეზიანი ყვავილები. გვარი აერთიანებს 300-მდე სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში, 1 სახეობა – ტროპ. აფრიკაში. საქართვ. ტყეებსა და ტყისპირებზე, ბუჩქნარებსა და ალპ. მდელოებზე 9 სახეობა იზრდება, მათგან C vittae საქართველოს, კერძოდ აფხაზეთის, ენდემია, გვხვდება ალპ. სარტყელში მდნობი თოვლის ლაქების ახლოს; C. alexeenkoana და C. emanueli კავკასიის ენდემებია. პირველი გვხვდება იმერეთში (ზეკარის უღელტეხილი), ქართლსა (ლომისმთა) და ჯავახეთში (ტაბაწყური), მეორე – აფხაზეთსა და ქართლში. ბ-ს თითქმის ყველა სახეობა თაფლოვანი და დეკორატიულია.

                                                                                                                                  მ. გურგენიძე