ბუხარი

ბუხარი, სახლის კედელში დატანებული აგურის ან ქვის ღია (უკარო) კვამლსადენიანი ღუმელი. ცნობილია, რომ ბ. კერიდან განვითარდა, დროთა განმავლობაში კი თანდათანობით დაიხვეწა მისი მორთულობა. ბ. უცხოური წარმოშობისაა, მაგრამ ჩვენში არსებულმა ხუროთმოძღვრულმა ტრადიციებმა განაპირობეს მათი გაფორმების ეროვნ. სტილი.

     ბ-ის მშენებლობას განსაკუთრებული წესები აქვს, რაც გამოიხატება როგორც შენების თავისებურებაში, ისევე საბუხრე მასალის სწორად შერჩევაში. მიზანშეუწონელია საბუხრე ქვის მოპოვება აფეთქებით, რადგან აფეთქება „ლახავს“ ქვას. ბ-ის საცეცხლე ადგილისათვის საუკეთესოა მოშავო-მოლურჯო, ზოგჯერ კი მოწითალო ქვა. მათი ღირსება ცეცხლგამძლეობაში გამოიხატება.

     ბ-ის საცეცხლე ადგილს ტაფა //ფუძე// ყვერბი წარმოადგენს. მასზე იდგმება ბ-ის ფეხები, რ-ებსაც ემიჯნება თაღიანი და ზოგჯერ სწორი წინპირი. წინპირის საკვამლე მხარე ზოგჯერ გულამოღებულია, ზურგი უკანაა გადაწეული, რაც ხელს უწყობს კვამლის დაუბრკოლებელ მოძრაობას ქვემოდან ზემოთ. შემდეგ არის სასანთლე „თარო“, რ-იც წინაა გამოწეული და ბ-ის არქიტექტურაში თავისებური მოხდენილობა შეაქვს. სასანთლის შემდეგ იწყება ბ-ის ყელი, ნაშენი სუფთად გათლილი ქვით ან ნიშიანი აგურის წყობით. ყელი გაივლის სხვენს, ასცილდება სახურავს იმ ზომამდე, რომ ქარმა ბ-ის კვამლი არ მოაბრუნოს. ბ-ის ყელის სწორად დაყენება განსაზრვრავს მის ხარისხს. ბ-ის დამამთავრებელი დეტალია „ქუდი“ (კალამი). ესაა ოთხკუთხად გათლილი ქვის ჩარჩო, რ-იც სიმაგრისა და სილამაზისათვის ჩამოეცმება ბ-ის ყელს. ფეხებიანი ბ-ის გარდა არსებობს ე. წ. დაკიდებულიბ-ები. ქართ. ბ. ყურადღებას იქცევს როგორც ქვის დამუშავებით, ისე შემკულობის მხრივაც. ქართ. ბ-თვის ძირითადად დამახასიათებელია მცენარეული და გეომ. ორნამენტი, ზოომორფული მოტივები – ლომის, ირმის, ჯიხვის და სხვადასხვა სახის ფრინველის გამოსახვა. განსაკუთრებული დახვეწილობით გამოირჩევა წნული ორნამენტი და ე. წ. ბორჯღალები.

     ბ-ის მორთულობა სათავეს იღებს კერისა და დედაბოძის გაფორმების უძველესი ტრადიციებიდან და შეიცავს მოსახლეობის რელიგ. და კოსმოგონიურ შეხედულებათა დანაშრევებს.

                                                                                                                                    ე. ნადირაძე