ბალანჩივაძე ვასილ ანტონის ძე [12 (24). IV. 1867, სოფ. ბანოჯა, ახლანდ. წყალტუბოს ზონა, - 18. V. 1951, თბილისი], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1950). მ. ბალანჩივაძის ძმა. სცენაზე პირველად გამოვიდა 1887 თბილისში ვ. აბაშიძის ხელმძღვანელობით. 1887 – 90 სწავლობდა პეტერბ. სამხატვრო აკადემიაში. 1890 – 91 იყო თბილ. ქართ. თეატრის, 1891 – 94 - ქუთ. თეატრის მსახიობი (1921-იდან ხელმძღვანელი). 1924 – 29 - თბილ. სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი და მსახიობი, 1929 – 35 - თბილ. ცეკავშირის მოძრავი და პერიფერიის თეატრების მსახიობი. გამოირჩეოდა სცენურობით, გარდასახვის ნიჭით, შესანიშნავი ხმით. უპირატესად ასრულებდა სახასიათო და კომედიურ როლებს: ბობჩინსკი (. გოგოლის „რევიზორი“), ბესო (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ბენ აკიბა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ოტია ჯოლია (ვ. გუნიას „და-ძმა“), იაგო (უ. შექსპირის „ოტელო“), გელა (ა. წერეთლის „პატარა კახი“); მისი შემოქმედების გვირგვინი იყო ფილიპე ბარბაქაძე და დარისპან ქარსიძე (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ და „დარისპანის გასაჭირი“). 1935 – 42 „სახკინმრეწვის“ მსახიობი იყო. გადაღებულია ფილმებში: „დაკარგული სამოთხე“ (ბაბუა ანტონი), „ქალი გაღმიდან“ (ოსმანა), „ქალი მწვანეში“ (სარდიონი) და სხვ. ბ., ქართ. ესტრადის ერთ-ერთი გამოჩენილი მსახიობი, ერთდროულად საესტრადო-იუმორისტული სცენების („იმერული სცენები“) ავტორიც იყო და შემსრულებელიც. მასვე ეკუთვნის პიესები: „1905 წელი“, „გლეხი ივლიანე გობეჩია“, „უბედური დღე“, „აჭარელი ქალი ფატიმა“, „მზის სხივები“, „დაუდევრობის მსხვერპლი“ და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
შ. ცუცქირიძე