გრიგოლი კახეთის მთავარი

გრიგოლი კახეთის მთავარი (787–827), VIII ს. 80-იან წლებში გააერთიანა კახეთი, კუხეთი და გარდაბანი და იწოდა კახთა მთავრად, ანუ ქორეპისკოპოსად. გ-ის მთავრობის პირველივე წლებში კახეთის სამთავროს ჩამოსცილდა ჰერეთი, რ-იც XI ს. დასაწყისამდე დამოუკიდებელ პოლიტ. ერთეულად დარჩა. სამაგიეროდ კახეთის სამთავროს საზღვრები გაფართოვდა დასავლეთის მიმართულებით. კახეთის ქორეპისკოპოსის სამფლობელოს ასეთი გაფართოება ეწინააღმდეგებოდა აშოტ I დ ი დ ი კურაპალატისა და აფხაზთა მეფის თეოდოს II-ის ინტერესებს. მათ შეერთებული ძალებით გაილაშქრეს კახეთის მთავრის წინააღმდეგ. გ-ს ამ ბრძოლაში ეხმარებოდნენ მთიულები, წანარები და თბილისის ამირა ალი შუაბის ძე. ბრძოლა მდ. ქსანზე მოხდა დაახლ. 791–818 შორის. გ. დამარცხდა და მის მიერ დაპყრობილი შიდა ქართლის გარკვეული ნაწილი ისევ აშოტ კურაპალატმა დაისაკუთრა. მიუხედავად ამისა, გ-ის დროს კახეთის სამთავროს ტერიტ. მაინც ქსნის ხეობამდე ვრცელდებოდა.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე  მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი  თ., რანთა და კახთა სამეფო (VIII– XI სს.), თბ., 1982; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965.

თ. პაპუაშვილი