გაბაასება

გაბაასება, დიალოგის ფორმით დაწერილი თხზულება, რ-შიც საპირისპირო შეხედულებანი ხშირად კამათის ფორმით არის გადმოცემული. საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მიზნთ მოკამათენი ცდილობენ მოწინააღმდეგის შეხედულებათა გაბათილებას. გ-ის ავტორი უმეტესად არ ამჟღავნებს თავის პოზიციას, თუმცა ზოგჯერ მაინც ჩანს, ვის ანიჭებს უპირატესობას.

     გ-ის პირველი ნიმუშები გვხვდება ანტ. ლიტ-რაში. გ. პოპულარული იყო შუა საუკ. აღმოსავლურ და დასავლურ ლიტ-რაში (არაბ.-სპარს. მუნაზარე, პროვანსული ტენცონა, ფრანგ. დებატი, რუს. პრენია და სხვ.). ამ ჟანრის თხზულებებში აისახებოდა ეპოქის ეთიკიურ-ესთეტ. და სოც.-პოლიტ. შეხედულებები. გ. საქართველოში ძველთაგანვე ყოფილა ცნობილი, რაც დასტურდება ხალხ. სიტყვიერების მასალებით (ლექსები „სიკვდილისა და კაცის გაბაასება“, „ცა და ქვეყნის ბაასი“, „ქალ-ვაჟის გასაუბრება“ და სხვ.).

     ქართ. მწერლობაში გ-ის ჩვენამდე მოღწეული პირველი ნიმუშია სერაპიონ სოგრატის ძე საბაშვილის მიერ გალექსილ „როსტომიანში“ ჩართული სამსტროფიანი პაექრობა, რ-შიც ერთმანეთს ეკამათებიან ავტორი, შოთა რუსთაველი და ბაგრატ მუხრანბატონი. გ-ის ჟანრმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ე. წ. აღორძინების ხანაში – XVII–XVIII სს-ში; გ-ის სინონიმებად იხმარებოდა შედარება, ცილობა, შელაპარაკება, გაბჭობა. ქართ.  ლიტ-რაში გ-ის დამამკვიდრებლად მიჩნეულია თეიმურაზ I. გ-ის მნიშვნელოვანი ნიმუშები აქვთ არჩილ II-ს, თეიმურაზ II-ს, დ. გურამშვილს, მანანას და სხვ. მათი თხზულებანი ღრმა იდეური შინაარსის შემცველია და ასახავს ეპოქის სულისკვეთებას.

     ლიტ.: ქიქოძე ბ., გაბაასება ძველ ქართულ ლიტერატურაში, ბათ., 1952.

                                                                                                                               მ. გუგუშვილი