გაბაშვილი გურამ ზაალის ძე

გაბაშვილი გურამ ზაალის ძე (დ. 5. IV. 1926, ქუთაისი), მხატვარი, ოქრომჭედელი თანამედროვე ქართ. ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. დამს. მხატვარი (1980). დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკ-ტი (1953). მხატვართა გამოფენებში მონაწილეობს 1955-იდან. გ-ის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ნათელი და ცხადი კომპოზიცია, რაფინირებული ნახატი, პოეტური განწყობილება. გ-ის ნამუშევრები გამოფენილი იყო ჩეხოსლოვაკიაში, გფრ-ში (პერსონალური გამოფენები), უნგრეთში (ნადირობისადმი მიძღვნილ მსოფლიო გამოფენაზე დაჯილდოვდა დიპლომით), საფრანგეთში, ჰოლანდიაში, დანიაში, შვეციაში, საბერძნეთში, ინდოეთსა და სხვ. დაჯილდოებულია ყოფ. სსრკ სახ. მეურნ.მიღწევათა გამოფენის ვერცხლისა (1961, 1984) და ბრინჯაოს (1964) მედლებით. ნამუშევრები: „ლილე“ (1967, საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი); მედალი „ქუთაისი“ (1970, სამხატვრო ფონდი, მოსკოვი); „ნადირობის შემდეგ“ (1971); „მზე დედაა ჩემი, მთვარე – მამა ჩემი“ (1975, ორივე საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი), „დავით აღმაშენებელი“ (1979, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი), „ბერიკაობა“ (1980), „ყეენობა“ (1988), ფერწერული დიპტიქი „ნადირობა“, „ნადირობის შემდეგ“ (1971, საქართვ. სურათების გალერეა) და სხვ.