მელოურის ციხე, შუა საუკუნეების ციხე ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ძულუხის სიახლოვეს, მაღალ მთაზე. მასთან მისასვლელი გზა გადის ორი ხეობით შემოფარგლულ გადასასვლელ ყელზე. ციხე მელოურის ხეობას აღმ-იდან გადაჰყურებს. იგი თითქმის წრიულია. ციხე გარედან და შიგნით ნაგებია უხეშად დამუშავებული ადგილობრივად მოპოვებული დიდრონი კვადრებით. წყობა სწორხაზოვანია. საპირეები შევსებულია კირის დუღაბითა და ყორე ქვით. ციხის აღმ. კედელში ჩართულია პატარა სამლოცველო, სამხრ.-აღმ-ით კი - წრიული კოშკი, რ-ის ქვედა სართულები მიწითაა ამოვსებული. უკეთაა გადარჩენილი ჩრდ. კედელი და სამხრ.-აღმ. კუთხე. საპირე ქვა ადგილ-ადგილ შემოძარცულია. კოშკის მეორე სართულზე სამხრ.-აღმ-ით გაჭრილია თაღოვანი კარი, რ-იც ამჟამად ნაწილობრივ მიწითაა დაფარული. კოშკის დას. კედელი ჩამოქცეულია. შემორჩენილია 4-5 მ, ზოგან კი უფრო ნაკლები სიმაღლის ციხის გალავნის საკმაოდ მყარად ნაგები კედლები. დას. კედლის ძირში ხუთი სათოფურია დატანებული. ციხის შიდა ტერიტ. ამოვსებულია მიწით, სადაც ამოსულია ხეები და ბუჩქნარი. სამლოცველოს და ხაროს გარდა აქ სხვა სათავსი არ შემორჩენილა. გალავნის ჩრდ.-აღმ. კედელიც დანგრეულია.