მელიქ-ფაშაევი ალექსანდრე შამილის ძე

მელიქ-ფაშაევი ალექსანდრე შამილის ძე [10(23). X. 1905, თბილისი, - 18. VI. 1964, მოსკოვი], დირიჟორი, კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი, რსფსრ (1947) და სსრკ (1951) სახ. არტისტი, სტალინური პრემიის ლაურეატი (1942, 1943). დაწყებითი მუს. განათლება მიიღო ოჯახში. 1921_22 იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის  თეატრის პიანისტ-კონცერტმაისტერი, 1923-31 - დირიჟორი, მთ. დირიჟორი. 1930 დაამთავრა ლენინგრ.  (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგის) კონსერვატორია სადირიჟორო განხრით (პედ. ა. გაუკი). 1924 მ.-ფ-მა (ლ. ისეცკ-ისთან, შ. ტალიანთან, ა. დანიელიანთან ერთად) დააარსა ლენინაკანის საოპერო დასი. 1931-იდან იყო მოსკ. დიდი თეატრის დირიჟორი (1953-62 - მთ. დირიჟორი), 1933-34 მოსკ. კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მუს. ხელმძღვანელი. დიდ თეატრში მისი მოღვაწეობის  წლებს მიიჩნევენ "დიდი თეატრის ოქროს ხანად". მ.-ფ-ის მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს ქართ. საოპერო სპექტაკლებს: ვ. დოლიძის "ლეილა", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი" (ორივე 1927), დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1931), ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი" (1939), აგრეთვე ჯ. ვერდის "აიდა", "ოტელო", მ. გლინკას "რუსლან და ლუდმილა", პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი" და სხვ. მის სადირიჟორო რეპერტუარში მეტწილად იყო მასშტაბური სიმფონიური ნაწარმოებები (ლ. ვ. ბეთჰოვენი, ფ. შუბერტი, ი. ბრამსი, ნ. რიმსკი-კორსაკოვი, დ. შოსტაკოვიჩი და სხვ.). ავტორია ოპერებისა: "პეჩორინი" (მ. ლერმონტოვის მიხედვით) და "მეთორმეტე ღამე" (უ. შექსპირის მიხედვით), აგრეთვე სიმფონია დო მინორის, რომანსების და სხვ. მ.-ფ. იყო დირიჟორთა საკავშ. კონკურსის ლაურეატი (II პრემია, 1938). ა. ბოროდინის "თავადი იგორისა" (1953) და ს. პროკოფიევის "ომი და მშვიდობის" (1962) ჩანაწერისათვის საფრანგეთში მიიღო გრან-პრი, ხოლო 1965 მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვის" ჩანაწერისათვის - აშშ-ის ხელოვნების აკადემიის პრემია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
 
1988 სოფ. შაუმიანში (მარნეულის მუნიციპ.) გაიხსნა მ.-ფ-ის სახლ-მუზეუმი.
 
ლიტ.: კაშმაძე შ., თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1921-1951, თბ., 2015; Глезер Р., А. Мелик-Пашаев, «СМ», 1961, №9; Мелик-Пашаев А., Звучание жизни. Творч. биография дирижера А. Ш. Мелик-Пашаева, М., 1989.