მელიქიძე გიორგი ივანეს ძე (დ. 7. II. 1953, თბილისი), ასტროფიზიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1996), პროფესორი (2004); პოლონეთის კანონმდებლობის შესაბამისად მ-ს პროფესორის წოდება მიანიჭა პოლონეთის პრეზიდენტმა. დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი, სპეციალობით თეორიული ფიზიკა (1975). 1976-იდან მუშაობს საქართვ. მეცნ. აკად. აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (2007-იდან - საქართვ. ე. ხარაძის სახ. ეროვნ. ასტროფიზიკური ობსერვატორია); იყო დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში (1992-96) და მთ. მეცნიერი თანამშრომელი (2021-იდან დღემდე). 1996-იდან მუშაობს ქ. ზიელონა გურას (პოლონეთი) უნ-ტში (2008-იდან _ სრული პროფესორი). იყო ფიზ. და ასტრონ. ფაკ-ტის დეკანი, 2016–20 პრორექტორი სამეცნ. და საერთაშ. ურთიერთობათა დარგში.
მ-ის სამეცნ. კვლევები ეხება რელატივისტური პლაზმის, პულსარების რადიო- და მაღალი სიხშირის გამოსხივების შესწავლას, მონაწილეობს პულსარების გამოსხივების დაკვირვებებთან დაკავშირებულ პროექტებში. ეწევა ნაყოფიერ პედ. მუშაობას. მ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რ-თა უმრავლესობა გამოქვეყნებულია წამყვან საერთაშ. ჟურნალებში.
თხზ.: Non-stationary pair plasma in a pulsar magnetosphere and the two-stream Instability (თანაავტ. E. Asseo). Monthly Notices of the Royal Astronomical Society, 301 1998; The Spark-associated Soliton Model for Pulsar Radio Emission (თანაავტ. J. Gil and A. D. Pataraya). Astrophysical Journal, 544, 2000; Drifting subpulses and inner acceleration regions in radio pulsars (თანაავტ. J. Gil, U. Geppert). Astronomy and Astrophysics, 407, 2003.