მელიქიშვილი ლიანა შალვას ასული (დ. 17. III. 1943, თბილისი), ეთნოლოგი, ისტ. მეცნ. დოქტორი (2001), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (2023, წ.-კორ. - 2009-იდან). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1965). 1965-2006 იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ-ტის ლაბორანტი, უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კავკასიის ეთნოლოგიის განყ-ბის გამგე, ეთნოკონფლიქტების შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი, ამასთანავე - საქართვ. მეცნ. აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინ-ტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1990-92), ადამიანთა და ნაციონალური უმცირესობების უფლებათა დაცვის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი (1992-94), მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინ-ტში სამეცნ. ხელმძღვანელი (1995-2002), თბილ. საკრებულოს ეროვნ. უმცირესობათა კომისიის თავ-რე (2000-03), კავკასიის ხალხთა საერთაშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის სამეცნ. ხელმძღვანელი, სამეცნ. საბჭოს თავ-რე (2003-იდან), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (2023-იდან).
მ-ის სამეცნ. ინტერესების სფეროა ეთნოპოლიტიკა, საზ-ბის განვითარებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების ეთნიკური ასპექტები, ეროვნ. უმცირესობა და პოლიეთნიკური საზ-ბა, ეთნიკური ურთიერთობები, ტრადიცია და კულტურა. მ-ის თაოსნობით ეთნოლოგიურ მეცნიერებაში საფუძველი ჩაეყარა ახალ მიმართულებას - კონფლიქტოლოგიას. საქართვ. სასაზღვრო ზონის პოლიეთნიკური საზ-ბების შესწავლა მისი კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.
მ. არის საქართველოსა და კავკასიის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული 50 ეთნოგრ. ექსპედიციის მონაწილე და ხელმძღვანელი (1967-2017), ადგილობრივი და საერთაშ. კონფერენციების ორგანიზატორი და მონაწილე, 24 სამეცნ. გრანტის მფლობელი, 5 ეთნოგრ. ფოტოგამოფენისა და 6 ფილმის ავტორი, მრავალი სამეცნ. საზ-ბის წევრი, სხვადასხვაენოვანი (ქართული, რუს., ინგლ., გერმანული) სამეცნ. ნაშრომების, მონოგრაფიის, წიგნის, სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი.
მიღებული აქვს თსუ-ის „ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია“ (1996), სიგელები სამეცნიერო მიღწევებისათვის და ღირსების ორდენი (2001).
თხზ.: საველე მუშაობის მეთოდი კონფლიქტურ საზოგადოებაში, თბ., 2000; ეთნოგრაფია თუ ეთნოლოგია, თბ., 2000; პანკისის კრიზისი (უსაფრთხოების სტრატეგიის ეთნიკური ასპექტები), თბ., 2002 (თანაავტ.); მრავალეთნიკური საქართველო გასულ საუკუნეში, თბ., 2004 (თანაავტ.); კონფლიქტის ანთროპოლოგია (ეთნიკური ასპექტები), თბ., 2006; ღირებულების როლი ეთნოკულტურულ პროცესებში (ქართ., რუს. და ინგლ.), თბ., 2018; ტრადიციული კულტურა და საზოგადოება, თბ., 2019; ეთნიკურ ჯგუფთა ინტეგრაცია ქვემო ქართლში (სომხები და აზერბაიჯანელები), თბ., 2021 (თანაავტ.); ტრადიციის კონცეფცია: მისი გადარჩენა, ტრანსფორმაცია და ვირტუალური სამყაროს განახლება/The Concept of Tradition: its Survival, Transformation, and Virtual World Refashioning, თბ., 2023 (თანაავტ.); Tolerance in multiethnic Georgia (Training Methodology Manual for Educators), თბ. 2009 (თანაავტ.); Language and Ethnik, Internationale tagung, Sprachlicht Konstruktion sozialer Grenzen, Europa-Universitet Viagrina, Frankfurt (Oder), 2013.