მელიქიშვილი ირინე გიორგის ასული
მელიქიშვილი ირინე გიორგის ასული (29. V. 1943, თბილისი, – 2. XII. 2013, იქვე), ენათმეცნიერი, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1998), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის წ.-კორ. (2009). 1965 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკ. ენათა განყ-ბა. 1965–86 მუშაობდა ენათმეცნ. ინ-ტის ზოგადი ენათმეცნ. განყ-ბაში, 1986–2006 – გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ზოგადი ფონეტიკისა და აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიის განყ-ბაში, 1995–2005 – ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტის (ახლანდ. ილიას სახელმწ. უნ-ტი) ქართველურ ენათა კვლევის ლაბორატორიაში; 1998–2013 – თსუ-ში (1998–2006 – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკ-ტი; 2006–08 – თეორიული და შედარებითი ენათმეცნ. და ფონეტიკის ინ-ტი; 2008–13 – თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნ. სასწ.-სამეცნ. ინ-ტი). მ-ის კვლევის სფერო იყო ქართველოლოგია, ზოგადი და შედარებითი ენათმეცნიერება, ფონოლოგია, ენათა ტიპოლოგია და უნივერსალიები, ქართველურ-ინდოევრ. საერთო ლექსიკა, ქართველური და პროტოინდოევროპული ძირის სტრუქტურა, კავკასიურ და აღმოსავლურ ენათა კავშირების ტიპოლოგიური ანალიზი და სხვ., აგრეთვე - გ. ტაბიძის პოეზიის ბგერითი სტრუქტურა. ავტორია მონოგრაფიისა და მრავალი სამეცნ. სტატიის, თარგმნა მრავალი ნაწარმოები, მ. შ. რ. შტაინერის "იდუმალმეტყველების ნარკვევი" (2003) და "სულიერი სამყაროს ზღურბლი, აფორიზმული მსჯელობანი" (2011). მ. მონაწილეობდა საერთაშ. კონფერენციებსა და ლინგვისტურ ფორუმებში დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთში და სხვ. იყო ტიპოლოგთა საერთაშ. ასოციაციის (ALT) წევრი.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2003), ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2010).
თხზ.: მარკირების მიმართება ფონოლოგიაში, თბ., 1976; ძირის სტრუქტურათა ტიპოლოგია და საერთო ქართველური ძირი, თბ., 2009; გლოტალიზაციის ნიშანი ქართველურ ენებში აკუსტიკური და ფუნქციონალური თვალსაზრისით თბ., 2011 (თანაავტ.).
მ. თუშიშვილი