მელიქიშვილი დამანა ნიკოლოზის ასული

მელიქიშვილი დამანა ნიკოლოზის ასული (დ. 14. VI. 1939, მცხეთა), ენათმეცნიერი, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1992). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1962). 1965-იდან მუშაობს თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრაზე, 1986–92 იყო ფილოსოფიის ინ-ტის ქართ. ფილოსოფიის ისტორიის განყ-ბის თანამშრომელი; 1987–2007 თბილ. სასულიერო აკადემიაში კითხულობდა სალექციო კურსს - „ძველი ქართული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლები“, 1993–97 ამავე აკადემიაში ხელმძღვანელობდა ძვ. ქართ. თარგმანისა და ტექსტოლოგიის განყ-ბას; 1995-იდან არის საქართვ. საპატრიარქოსთან არსებული გელათის მეცნ. აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ნამდვილი წევრი; 2006-იდან თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის ქართ. ფილოლოგიის მიმართულების სრული პროფესორია. 
 
მ-ის კვლევის სფეროა ძველი ქართ. მწიგნობრული  სკოლები, ქართ. ენის ისტორიის, ქართ. საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის, ქართ. ზმნისა და ზოგადად, ქართ. ენის გრამატიკის საკითხები. იგი მრავალი სამეცნიერო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია. 
 
მ-ს ეკუთვნის სამეცნ. ნაშრომები და მონოგრაფიები. შეადგინა და 2 ტომად გამოსცა "ძველქართულ-ბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი“ (2016). ნაშრომებისათვის: „ძველი ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის ისტორიიდან“ (1999, 2011) და «იოანე პეტრიწი. განმარტება პროკლე დიადოხოსის ღვთისმეტყველების საფუძვლებისა» (1999) მიენიჭა გელათის მეცნ. აკადემიის წმ. დავით აღმაშენებლის სახ. პრემია (2000). 1995 დააარსა სერია „ახალმოწამენი“ და გამოსცა ორი წიგნი: „ნაზარი მიტროპოლიტი“ და „მღვდელი სიმონ მჭედლიძე“.
 
მ-ს მიღებული აქვს  ღირსების ორდენი (2018).
 
თხზ.: იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი, თბ., 1975; ქართული ზმნის უღლების სისტემა, 2001; გელათი – „სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი", გელათი – 900, თბ.,  2006; ფილოლოგიური ძიებანი. სტატიების კრებული, თბ.,  2009; The Georgian Verb – A Morposyntactic Analysis, Wash., 2008. 
 
მ. თუშიშვილი