მელიქი

მელიქი (არაბული - მფლობელი, გამგებელი, მეფე), ძველი აღმოსავლეთის ხალხებში მმართველს და მეფეს აღნიშნავდა. მოგვიანებით, არაბული ენიდან ამავე მნიშვნელობით გავრცელდა. მ. ჰასანიდებისა და ლაჰამიდების არაბული სახელმწიფოს გამგებელი, სამხრ.-აღმ. არაბეთის ზოგიერთი ტომისა და ცენტრ. არაბეთის ტომთა მეთაური იყო. ისლამის გავრცელების შემდეგ, ტერმინ მ-ს არაბები უპირატესად არამუსლიმი გამგებლების მიმართ (მონარქის მნიშვნელობით) იყენებდნენ. XIII-XVIII სს-ში კავკასიაში მ. ფეოდალთა ტიტულს და თანამდებობას აღნიშნავდა. მონღოლების დროს, მ-ად ადგილობრივი ქრისტიანი ფეოდალები იწოდებოდნენ, შაჰ- აბას I-ის (1587-1629) დროს კი – შაჰზე დამოკიდებული ფეოდალები.

მეფე მ-ს მოსახლეობის ზედა ფენებიდან ან მსხვილი ვაჭრების წრიდან ირჩევდა და ძირითადად ქალაქის საქმეების მოგვარება ევალებოდა. ჩართული იყო საგარეო ურთიერთობებშიც.

მ-ები ხშირად ჯერ ქალაქის სხვა სახელოებს ფლობდნენ (მამასახლისი, ნაცვალი) და შემდეგ ხდებოდნენ მ-ები. მოურავის სურვილით, მ. მონაწილეობას იღებდა სასამართლო საქმის განხილვაში. მას შეეძლო შეესწავლა საქმე და ერთპიროვნულად გაეცა ბრძანება. მოურავის ქალაქში არყოფნისას. მ-ს, ისევე, როგორც მამასახლისს და ნაცვალს, შეეძლო პირის დაპატიმრება. მას სხვა ადმ. ფუნქციებიც ჰქონდა: მამასახლისთან ერთად მონაწილეობდა საქონლის ნიხრის დაწესებაში, მისი მოვალეობა იყო ქალაქში დუქნის, სახლის, მამულის ყიდვა-გაყიდვის დამოწმება და სხვ.

საქართველოში ეს სახელო ირანის ხელშეწყობით გაჩნდა, შემდეგ დამკვიდრდა და საკმაოდ დიდხანს არსებობდა. თბილისში მამასახლისის სახელოს გვერდით, რ-იც მოურავის მომდევნო ადგილზე იყო, გაჩნდა მ-ის სახელოც. თბილისის მოხელეებს შორის მ. პირველად 1552 გამოჩნდა.

XVIII ს-ში მ-ისა და მამასახლისის სახელოები გაერთიანდა და მას მელიქ-მამასახლისი ეწოდა.

ლიტ.: ბ ო შ ი შ ვ ი ლ ი ა., მელიქის სახელო საქართველოში, თბ., 2013; ს უ- რ გ უ ლ ა ძ ე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის [ტ.] 1, თბ., 1952.

ი. უჯმაჯურიძე