მელივა გურამ თომას ძე (11. VIII. 1933, თბილისი, - 15. IV. 2014, იქვე), საოპერო რეჟისორი, სცენოგრაფი, ლიბრეტისტი, საქართვ. სახ. არტისტი (1990). 1958 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის საორკესტრო ფაკ-ტი (კონ-ტრაბასი). 1962 სტაჟირება გაიარა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) კონსერვატორიის საოპერო რეჟისურის ფაკ-ტზე, 1967 - ბერლინის "Komische Opera-ში" (ხელმძღვ. ვ. ფელზენშტაინი). 1965-იდან იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორი, 1982-84 - სამხატვრო საბჭოს პრეზიდიუმისა და სარეჟისორო კოლეგიის წევრი, 1982_2004 - სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე, 2004-იდან - დამდგმელი რეჟისორი, 1975-82 - თბილ. მუსკომედიის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთ. რეჟისორი. მ-ს დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი, ოპერა, მიუზიკლი, მუს. სანახაობა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მ-სთვის, ამოსავალი პარტიტურა იყო და ამ კუთხით მან ბევრი სიახლე დანერგა, ეს შეეხო მიზანსცენებს, ორკესტრის განლაგებას და სხვ. მის დადგმებში ყველაფერი ემსახურებოდა მუსიკისა და სცენის მაქსიმალურ სინთეზს. მის მიერ დადგმული საოპერო სპექტაკლებია: ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე", ო. თაქთაქიშვილის "მუსუსი", "პირველი სიყვარული", შ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა", ჯ. პუჩინის "ტოსკა", "ბოჰემა", გ. დონიცეტის "დონ პასკუალე", "სიყვარულის ნექტარი", ჯ. ვერდის "დონ კარლოსი", "მაკბეთი", რ. შტრაუსის "სალომე", მ. გლინკას "რუსლან და ლუდმილა", პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი", ს. რახმანინოვის "ძუნწი რაინდი", ს. პროკოფიევის "სამი ფორთოხლის სიყვარული", "დუენია" და სხვ. მან დადგა კომედიები, ოპერეტები, მიუზიკლები. ავტორია ა. მაჭავარიანის ოპერისა "ჰამლეტი", შ. მილორავას ოპერეტის "ძუნწი", ბ. კვერნაძის ბალეტის "ქორეოგრაფიული ნოველები", ნ. გაბუნიას ოპერეტის "გაყრა", ვ. კახიძის ბალეტ "ამორძალები" და სხვა ლიბრეტოების. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003) და მინიჭებული აქვს "ხელოვნების ქურუმის" წოდება (2013).
ლიტ.: კახიძე ჯ., "დირიჟორი "დონ კარ¬ლოსის" შესახებ, "ლიტერატურული საქართველო", 1987, 20 მარტი; ქავთარაძე ნ., რ. შტრაუსის ოპერა "სალომე" ქართულ სცენაზე, წგ.: ო, უძლეველო დიდო წამო შემოქმედების, თბ., 2013; ქუთათელაძე რ., სამი ფორთოხლის სიყვარული, "თეატრალური მოამბე", 1985, №4; Торадзе Г., «Макбет» в своем мрачном великолепии, წგ.: მუსიკის სამყაროში, თბ., 2010.