მელაშვილი-ოზქანი აჰმედ თევფიქის ძე

მელაშვილი-ოზქანი აჰმედ თევფიქის ძე (10. VI. 1922, სოფ.  ქოჩბარი, გონენის რ-ნი, თურქეთი, – 5. VIII. 1980, სოფ. ბურსა. დაკრძალულია სოფ. ჰაირიეში), საზოგადო მოღვაწე, ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალი. დაამთავრა იზმირის ინონუს სახ. ლიცეუმი (1943) და სტამბოლის ტექ. უნ-ტის არქიტ. ფაკ-ტი (1962). სტამბოლის ქართველთა სავანეში შეისწავლა ქართ. წერა-კითხვა, საქართვ. ისტორია და კულტურა. 1962 ინეგოლის რ-ნის ქართულ სოფ. ჰაირიეში  ჩამოაყალიბა ქართ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ქ. ინეგოლში – „კავკასიის კულტურის საზოგადოება“. მანვე ჩაუყარა საფუძველი სოფ. ჰაირიეში ქართული კულტურის სახლის მშენებლობას. მან 1968 სტამბოლში თურქულ ენაზე გამოსცა წიგნი „გურჯისტანი“, რ-შიც მოთხრობილია საქართვ. ისტორიის, ქართული კულტურის, ლიტ-რის, ხელოვნების და ფოლკლორის შესახებ. 1977 მ-მა მოამზადა და გამოსაცემად ევროპაში გაგზავნა ჟურნ. „ჩვენებურების“ პირველი ნომერი, რ-იც სტოკჰოლმში (შვედეთი) გამოსცა თურქეთელმა ქართველმა შანვერ აქინმა (შალვა თევზაძემ). ეს იყო თურქეთის მუსულმან ქართველთა პირველი ქართული ჟურნალი, რ-მაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მათ კულტ. და სოც. ცხოვრებაში. მ-მა დიდი ღვაწლი დასდო ქართულ ფოლკლორს – შეკრიბა მათთან შემორჩენილი ქართ. ხალხური შემოქმედების ნიმუშები,  ლეგენდები, გადმოცემები, საგვარეულო ისტორიები, ანდაზები, გამოცანები, სიმღერათა ტექსტები და სხვა სახის მასალები, თურქულად თარგმნა და გამოსცა ქართ. ლიტ-რის ნიმუშები, გამოაქვეყნა სტატიები საქართვ. ისტორიისა და კულტურის შესახებ. სიცოცხლის ბოლო წლებში თარგმნიდა „ვეფხისტყაოსანს“, მაგრამ მისი გამოცემა ვეღარ მოასწრო.    XX ს. 70-იან წლებში მან ორჯერ იმოგზაურა საქართველოში. თარგმნიდა და აქვეყნებდა ქართვ. კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებს.
 
მ-ის საქმიანობა, თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის ეთნიკური იდენტობის გაღვივება და გაძლიერება, ადგილ. ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთი ნაწილის უკმაყოფილების საბაბი იყო.
 
მ. თურქეთში მცხოვრებ ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს ხელს უწყობდა საქართველოში ჩამოსულიყვნენ, მიეღოთ კარგი განათლება (დაუფლებოდნენ აკადემიურ ქართულ ენას, გასცნობოდნენ ქართულ კულტურას) და შემდგომ უკან, თურქეთში მასწავლებლებად დაბრუნებულიყვნენ.
 
დაიღუპა ტრაგიკულად (სავარაუდოდ, მოკლეს თურქული ულტრა-ნაციო ნალისტური დაჯგუფება "რუხი მგლების" აქტივისტებმა).
 
მ-ის მოღვაწეობის შედეგად გაიზარდა თურქეთის ქართველთა ეთნიკური თვითშეგნება: 90-იანი წლებიდან გაძლიერდა ქართველი მუჰაჯირების დიასპორები თურქეთის სხვადასხვა ქალაქში, სტამბოლში გამოიცემა ორენოვანი (ქართულად და თურქულად) აკად. ჟურნალები, არსებობს საინტერნეტო გამოცემა ჩჰვენებური.Nეტ და რამდენიმე საინტერნეტო ქართული რადიო.
 
2010 მ-ის სახელი მიენიჭა თბილ. 31-ე საჯარო სკოლას. ბათუმში არის მისი სახ. ქუჩა.სოფ. ჰაირიეში, ყოველწლიურად ტარდება მისი ხსოვნის დღეები, სადაც იკრიბებიან ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები მთელი თურქეთიდან.
 
ლიტ.: კ ა ლ ა ნ დ ი ა  გ., აჰმედ მელაშვილი ჩვენებურთა ბელადი, თბ., 2010; ნიკოლეიშვილი ა., ქართული კულტურის კერა და ქართველები თურქეთში, ქუთ., 2009; ოქროსცვარიძე ნ., ოჯახი და საოჯახო ყოფა თურქეთელ ქართველებში (ინეგოლის რაიონის სოფ. ჰაირიეს მოსახლეობის მაგალითზე), თბ., 2012.