მელაანის სამების ეკლესია

მელაანის სამების ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, თარიღდება XVIII ს. დასასრულით ან XIX ს. დასაწყისით. მდებარეობს  სოფ. მელაანის ჩრდ.-აღმ-ით, დაახლ. 1 კმ-ზე, სასაფლაოს ტერიტორიაზე.
 
ეკლესია გუმბათიანია, წარმოადგენს ე. წ. კუპელჰალეს ტიპის გვიანდელ ვარიაციას. სხვადასხვა პერიოდის ორი სამშენებლო ფენიდან ერთი გრძივი ფასადების და აღმ. ფასადის ქვედა ნახევარს მოიცავს და თითქმის მთლიანად რიყის ქვითაა ამოყვანილი. კედლების ეს ნაწილი დღევანდელი ეკლესიის ავთენტური არ ჩანს და ადრე აქ მდგარ ეკლესიას უნდა ეკუთვნოდეს, რ-იც რაღაც მიზეზების გამო დანგრეულა და მოგვიანებით აღუდგენიათ. კედლების ზედა ნაწილები რიყის ქვისა და აგურის შერეული წყობითაა ნაგები, დიდი ნაწილი კი - მთლიანად აგურით. ზოგ ადგილას წყობაში საფლავის ქვებიცაა ჩართული. შესასვლელები და სარკმლები, ისევე როგორც ეკლესიის დანარჩენი ნაწილები, მისი განახლების პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს. ორივე შესასვლელის გვერდები და გადახურვა მაგარი ჯიშის სუფთად გათლილი ქვისაა. მთლიანად აგურით არის გამოყვანილი ლავგარდანი და გუმბათი. კედლების ნაწილი შიგნით რიყის ქვისაა, დიდი ნაწილი კი (საბჯენი თაღები, კამარა, კონქი, პილასტრები, კარ-სარკმელთა წირთხლები, თაღები და იატაკი) - მთლიანად აგურის. 
 
ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (ზომები გარედან: სიგრძე - 14,2, სიგანე - 7). აქვს ორი შესასვლელი: სამხრ-იდან და დას-იდან. ორივე კარი გარედან ჩასმულია ორი საფეხურით შეღრმავებულ შეისრულთაღოვან არეში, რაც საზეიმო პორტალის შთაბეჭდილებას ქმნის, შიგნით კი შეისრული თაღითაა დასრულებული. 
 
ეკლესიის განიერი და მოგრძო დარბაზი (სიგრძე - 9,1 , სიგანე - 4,6 ) აღმ-ით დასრულებულია საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით, რ-იც დარბაზისგან მარტივი პილასტრების წყვილით და მათზე დაყრდნობილი შეისრული ფორმის საბჯენი თაღითაა გამიჯნული.
 
აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. საკურთხევლის იატაკი ნავის იატაკის მიმართ შემაღლებულია სამი საფეხურით და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი.
 
დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი მძლავრი პილასტრია, რ-ებიც შესაბამის კედლებს სამ-სამ ნაწილად ყოფს.
 
საკურთხევლის სარკმლის გარდა, ეკლესიაში კიდევ შვიდი სარკმელია: ორ-ორი - გრძივ კედლებში, ერთი - დას-ით,  შესასვლელის ზემოთ, თითო-თითო კი - გუმბათქვეშა "განივი მკლავების" ზედა ნაწილში.
 
ეკლესიის დარბაზის აღმ. ნაწილზე აღმართულია ვიწრო, მაღალი გუმბათი, რ-იც დაყრდნობილია საკურთხევლისა და კამარის აღმ. საბჯენ თაღებზე, აგრეთვე ამავე თაღებზე დაყრდნობილ კიდევ ორ თაღზე. აღნიშნული თაღების სისტემა გუმბათქვეშა კვადრატს ქმნის, რ-ის მოხაზულობიდან გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასასვლელად, გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხეში, თითო აფრაა გამოყვანილი. გუმბათის ყელი შიგნიდანაც და გარედანაც მრგვალია.
 
გარედან ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია. მორთულობის ძირითადი ელემენტებია სამკუთხა თაღით დასრულებული, საფეხურით შეღრმავებული არეები, რელიეფური თაღები, სხვადასხვა ზომის ჯვრები, რ-თა ნაწილი ლეკალური აგურით არის გამოყვანილი, ნაწილი სწორზედაპირიანია, ნაწილი კი წყობაშია შეღრმავებული.
 
ეკლესიის დას. ფრონტონზე დადგმულია აგურით ნაგები, გეგმით წრიული სამრეკლო, რ-იც ოთხი ნახევარწრიული თაღით გახსნილ და ნახევარსფერული სახურავით დასრულებულ ფანჩატურს წარმოადგენს.
 
ფასადები აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნითაა დასრულებული, რაც ამ პერიოდისათვისაა ნიშანდობლივი.
 
ეკლესიის გუმბათის ყელი გარედანაც მრგვალია და ზემოთ ოდნავ ვიწროვდება; დასრულებულია მარტივი სამსაფეხურიანი ლავგარდნით და დაგვირგვინებულია აგურისავე პირამიდული სახურავით. მასში ათი ვიწრო მაღალი სარკმელია გაჭრილი; 2007 საერთაშ. საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა სარესტ. სამუშაოები და აიგო კანკელი.
 
2016 ტაძრის "ჯვრის მკლავების" კედლების შუა ნაწილში გაჩენილი ბზარების გამო გაამაგრეს ტაძრის ჩრდ. და სამხრ. კედლების დას. ნახევრისა და დას. კედლის საძირკველი, რ-ის ქვეშ მოეწყო რკინაბეტონის მონოლითური კონსტრუქცია. გაჩენილი ბზარები გაიწმინდა და ამოივსო კირის დუღაბით. 
 
2022 მეწყრული პროცესების გამო ადრე არსებული ბზარები კვლავ გაიხსნა. სათანადო კვლევების საფუძველზე 2024 მომზადდა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიისა და თავად ტაძრის გამაგრების პროექტი, რ-ის განხორციელება დაგეგმილია 2025.
 
ბიბლ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., XVI_XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1983; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 1-I, თბ., 2013.
 
თ. დვალი