მეკლდეურობა, კლდეზე ცოცვა სპორტული, სპორტის სახეობა, რ-იც გამოეყო ალპინიზმს და გახდა დამოუკიდებელი. ნიშნავს კლდის მარშრუტების გადალახვას ცოცვით (მწვერვალზე ასვლის გარეშე) მთამსვლელობის დროს გამოსაყენებელი ტექნიკური ხერხებისა და საშუალებების გამოყენებით.
მ. მასობრივი გახდა XIX ს. II ნახ-იდან. ევროპაში - გერმანიაში, ავსტრიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში, შვეიცარიაში და ა.შ. წარმოიშვა კლუბები, რ-შიც გაერთიანებული იყო ხშირად ასეულობით მოყვარული. თავიდან მ. მიჩნეული იყო პირველ ნაბიჯად მთამსვლელობაში. XX ს. 50-იან წლებში მ. აღიარეს სპორტის დამოუკიდებელ სახეობად, რასაც მოჰყვა მარშრუტების გართულება, ტრასების სიგრძის დამოკლება. მნიშვნელოვანი იყო მარშრუტების პერმანენტული ცვლა და სხვ. ასევე შეჯიბრებების ჩატარებისთვის საჭირო გახდა ახ. სტანდარტების დანერგვა: სპორტსმენებისთვის, სამსაჯო კოლექტივისა და მაყურებლებისთვის ადგილების მოწყობა, საცოც მარშრუტებთან გამარტივებული წვდომის აუცილებლობა და ა.შ., ამან ბუნებრივად გამოიწვია ცოცვისთვის განკუთვნილი ხელოვნური კედლების მშენებლობის აუცილებლობა. 1988 ჩატარდა მ-ში მსოფლიო ჩემპიონატის საჩვენებელი ვერსია. 1989 გათამაშდა პირველი მსოფლიო თასი მის ორ სახეობაში – სწრაფ და რთულ ცოცვაში, 1998 მ-ის საერთაშ. საბჭომ დაამატა ცოცვის ახ. დისციპლინა _ ბულდერინგი, რ-იც მსოფლიო ჩემპიონატის პროგრამაში 1999 შეიტანეს.
2007 ფრანკფურტში შეიქმნა სპორტული ცოცვის საერთაშ. ფედერაცია – IFSC, რ-შიც შედის 81 ეროვნ. ფედერაცია. 2011 მისი წევრი გახდა საქართვ. მეკლდეურობის ეროვნ. ფედერაცია.
2016 საერთაშ. ოლიმპიური კომიტეტის 129-ე სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მ. ოფიციალურად ჩაესვათ 2020 ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. გათამაშდა ორი ოლიმპიური მედალი (ქალები, კაცები) სამჭიდში (სწრაფი ცოცვა, რთული ცოცვა და ბულდერინგი). 2024 წლის ოლიმპიადაზე გათამაშდება ოთხი ოლიმპიური მედალი, ორი (ქალები, კაცები) ორჭიდში – ბულდერინგი და რთული ცოცვა და ორი (ქალები, კაცები) - სწრაფ ცოცვაში.
1965 სსრკ პირველ ჩემპიონატზე მ-ში გაიმარჯვა საქართვ. ნაკრებმა (გუნდის ხელმძღვ. მ. ხერგიანი, წევრები: ლ. გურჩიანი, თ. ბაქანიძე, ტ. ლუკაშვილი; ქალები: თ. ხერგიანი; ნ. ლაცაბიძე). მ. ხერგიანმა როგორც სწრაფ (წყვილთა გარბენი), ისე რთულ ცოცვაში (ინდივიდ. ცოცვა) დაიკავა პირველი ადგილი. ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ არაერთი გამარჯვება იზეიმეს.
1977 გაგრაში (ბზიფის ხეობაში) ჩატარდა მ. ხერგიანის მემორიალი მ-ში ახლანდ. მიღწევები.
ლ. გურჩიანი