მეკვლე

მეკვლე, მეკვლეობა, ახალ წელს ნაყოფიერება-ბარაქიანობის, მაღალმოსავლიანობის, ბედნიერება-სიკეთის უზრუნველყოფის მიზნით მეკვლის მიერ ოჯახის დალოცვისა და გარკვეული რიტუალების შესრულების წეს-ჩვეულება. თავდაპირველად, როდესაც კალენდარული ახალი წელი ემთხვეოდა ახალი სამეურნეო წლის, შესაბამისად, აგრარული კალენდრის დასაწყისს, მ-ის — ახალი წლის პირველი მომლოცველის — ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა იყო რიტუალური ხვნა-თესვა, ანუ პირველი კვლის გავლება. ამ ჩვეულების გადმონაშთი ბოლო დრომდე შემორჩა ყოფას მ-ის მიერ კარ-მიდამოში ან ოჯახში მარცვლეულის მობნევის სახით. დროთა განმავლობაში მ-მ კვლის გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ „ფეხბედნიერი“ მომლოცველის, ანუ „მეფეხის“ მნიშვნელობით შემორჩა ყოფას. ძველად ადამიანებთან ერთად მ-ში მონაწილეობას იღებდა აგრარულ კულტურებთან დაკავშირებული ხარი, ცხვარი ან ცხენი.

დას. საქართველოში მეკვლე ჩიჩილაკით (სიცოცხლისა და სიუხვის სიმბოლო) და საახალწლო ხონჩით, რ-ზეც აუცილებლად იდო ღორის თავი და ბედის პურები, შემოივლიდა ეზოს, სამეურნეო ნაგებობებს, ვენახს, მარანს და "ბედნიერი ფეხით" ახალ წელს "უფერხავდა", შემდეგ ყველა ოჯახის წევრს მიულოცავდა. აღმ. საქართველოში საახალწლო ხონჩას აბრამიანს ეძახდნენ. საქართველოს ყველა კუთხეში იწვევდნენ გარეშე მეკვლესაც, რ-საც მოჰქონდა "განატეხი" (რიტუალური პური), ერთი ბოთლი ღვინო და ოჯახს შემდეგნაირად ულოცავდა: "გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა". გარეშე მეკვლე უნდა დაეთროთ და გულუხვად გამასპინძლებოდნენ. წასვლისას აუცილებლად ჩუქნიდნენ აბრეშუმის პარკს (ყაჭი) ან ძაფის გორგალს სიტყვებით: "რამდენი ბეწვი ეს არის, იმდენი თეთრი და ქონება შეგძენოდეს" (ხალხ.).

მ-ის წეს-ჩვეულება უკავშირდება წარმოდგენებს "ბედ-იღბალზე", "ბედის პოვნაზე", რაც ქართულ ტრადიციაში ზამთრის დღეობათა ციკლს (ბარბარობა, ქრისტეს შობა, ახალი წელი), ანუ "ბედნიერ დღეებს" უკავშირდება. ხალხ. წარმოდგენით, ამ დღეებში შესაძლებელი იყო "ბედის პოვნა", "გახსნა". თავის მხრივ, "ბედობა" დღეები ზამთრის მზებუდობასთან - დღის, სინათლის (სიცოცხლის) მატებასთან იყო ასოცირებული. მეკვლეობა, "ბედობა" ბარბარობიდან იწყებოდა, როდესაც ხალხ. რწმენით, მზე "მამლის სამ ნახტომს აკეთებდა". დღის ყველაზე დიდი მატება კი შობას ემთხვეოდა.

ლიტ.: აბაკელია ნ., სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბ., 1997; აბაკელია ნ., ალავერდაშვილი ქ., ღამბაშიძე ნ., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, თბ., 1991; ბრეგაძე ნ., ძველქართული წარმართული და ხალხური აგრარული კალენდრების ურთიერთმიმართების საკითხისათვის, კრ: ძიებანი საქართველოს და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976; მისივე, მეკვლე, "საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე", 1977, ტ. 86, #3.

ნ. ბრეგაძე

გ. ჩინჩალაძე