„ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“

„ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“, VI ს. შუა წლების ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ლიტერატურული ძეგლი, შეთხზული უცნობი ავტორის მიერ. ასახავს მცხეთაში მცხოვრები სპარსელი ხელოსნის, ევსტათი მცხეთელის, ამბავს. მან დაგმო მაზდეანობა და მიიღო ქრისტიანობა, რისთვისაც, მარზპანის ბრძანებით, სიკვდილით დასაჯეს. თხზულების ავტორი მოწამის თანამედროვეა, ამიტომ ძეგლში დაცული ცნობები სანდოა. ის, როგორც VI ს-იდან შემორჩენილი ერთადერთი ნარატიული ძეგლი, წარმოადგენს ძვირფას საისტ. წყაროს, რ-შიც ასახულია იმ პერიოდის ქართლის სოც.-ეკონ. და პოლიტ. ვითარება. ამ დროს აქ მეფობა გაუქმებულია, აღარ არსებობს ეროვნ. სახელმწიფო. ქვეყანას განაგებენ ირან. მოხელეები – მარზპანი (რომელიც თბილისში ზის) და მისადმი დაქვემდებარებული ციხისთავები (ცალკეული ციხე- ქალაქების გამგებლები). ამავე დროს, კვლავ ფუნქციონირებს ეროვნ. სამოხელეო სისტემაც: ქართლის პიტიახში (საყურადღებოა, რომ აქ მოხსენიებულია ქართლის პიტიახში არშუშა, რ-იც, სახელის მიხედვით, აშკარად V ს. ცნობილი არშუშა ქართლის პიტიახშის სახლის წარმომადგენელია), ქართლის მამასახლისი და სეფეწულები (ქართლის უმაღლესი არისტოკრატია). ავტორი განსწავლული მწერალი ჩანს, კარგად იცნობს მოწამეთა აქტებს და ანტიმაზდეანურ პოლემიკურ ლიტ-რას. ძეგლის უძველესი ხელნაწერი (კ. კეკელიძის სახ. ხელნაწ. ინ-ტი, H-341) XI ს-ისაა. „ე. მ. მ." პირველად გამოსცა მ. საბინინმა („საქართველოს სამოთხე", 1882), გერმანულად თარგმნა ი. ჯავახიშვილმა (1901).

ტექსტი: მარტჳლობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ. 1 – ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V–XVIII სს.), თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977.

ნ. შოშიაშვილი