მეითარი

მეითარი (სპარს. მეჰტერ - პატივცემული, წარჩინებული), მეფის პირადი მსახური, მისი მუდმივი მხლებელი. პირის დაბანის, დაწოლისა თუ ადგომის დროს იგი მასთან იყო, მასვე ებარა მეფის ხელსახოცები და ტანისამოსი. მ. შინაურ მოხელეებს შორის ყველაზე მაღლა იდგა. მას ექვემდებარებოდნენ მერიქიფეთუხუცესი და თავლიდარი.

ვახტანგ VI-ის "დასტურლამალის" მიხედვით, „მეითარი ბატონს თავს დაადგებოდეს, ჴელსახოცს მიართმევდეს, მერიქიფეს ამსახურებდეს, ტანისამოსი მის ხელთ არის … შიგნით, გარეთ ბატონთან გაუყრელობა და შინაყმობა დიდი აქუს“.

ეს თანამდებობა ირანიდან XVII ს-ში უნდა შემოსულიყო. ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, როსტომ მეფის დროიდან მ. ეჯიბის მსგავსი მოხელე იყო.

ლიტ.: გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი  ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, "ენიმკის მოამბე", 1942, ტ. 13; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  ივ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის,[ტ.] 1, თბ., 1952.

ი. უჯმაჯურიძე