მეთოვლიასებრნი

მეთოვლიასებრნი (Sterninae), ფრინველთა ქვეოჯახი თოლიასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 20-55 სმ-მდეა. აქვთ გრძელი და ვიწრო ფრთები, ამოკვეთილი კუდი; მახვილი ნისკარტი (ნამდვილი თოლიებისგან განსხვავებით), ბოლოში კაუჭის გარეშე. ფრენენ სწრაფად და მსუბუქად, კარგად ცურავენ. ფართოდ არიან გავრცელებული. აერთიანებს 9 გვარს (Gelochelidon, Hydroprogne, Thalasseus, Sternula, Onychoprion, Sterna, Chlidonias, Phaetusa, Larosterna). კიდევ 3 გვარი (Anous, Gygis, Rynchops), რ-ებიც ადრე შედიოდა მეთოვლიებში, ცალკე გვარებადაა გამოყოფილი. ბინადრობენ წყალსატევთა (ზღვების, მცირე ზომის მდინარეების, ტბების) ნაპირებზე. ჩვეულებრივ კოლონიებად ბუდობენ მეჩეჩებზე, თევზიყლაპიები (Chlidonias) — მცენარეულობამოდებულ ტბებზე. დედალი დებს 1–4 კვერცხს. ინკუბაცია 14–22 დღე-ღამე გრძელდება.

უმთავრესად იკვებებიან წყლის უხერხემლოებით, მცირე ზომის თევზებით, ზოგიერთი სახეობის ხვლიკებით, კალიებით, მცირე ზომის ფრინველთა ბარტყებით.

საქართველოში იშვიათად ბუდობს ფრთათეთრი თევზიყლაპია (Chlidonias leucopterus), მცირე მეთოვლია (Sterna albifrons), მდინარის მეთოვლია (Sterna hirundo) და ჭრელნისკარტა (Thalasseus sandvicensis) მეთოვლიები. კიდევ 5 სახეობა - Hydroprogne caspia, Gelochelidon nilotica, Chlidonias hybridus, Chlidonias niger, Chlidonias leucopterus მხოლოდ გადაფრენისას ან მიმოფრენისას გვხვდება.

ა. ბუხნიკაშვილი