მეთესლეობა, მემცენარეობის დარგი, რ-ის დანიშნულებაა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლის გეგმური გამრავლება ჯიშთმონაცვლეობისა და ჯიშთგანახლებისათვის. მ-ს სწორი წარმართვა ემყარება გენეტ. კანონზომიერებათა გამოყენებასა და დარაიონებული ჯიშებისა და ჰიბრიდების ბიოლ. ცოდნას. მ. უშუალოდ არის დაკავშირებული სელექციასთან.
XIX ს. II ნახ-ში მ-ს აქა-იქ მისდევდნენ კერძო მემამულეები. 1929-იდან ჩაისახა მ-ის საკოლმ. სისტემა და მოხდა ჯიშთა დარაიონება. სამეცნ.-კვლ. დაწესებულებები აწარმოებდნენ პირველად მ-ს - სუპერელიტისა და ელიტის გამოყვანას. ელიტური ან 1-ელი რეპროდუქციის თესლს ჯიშთგანახლების ვადის დაცვით ღებულობდა კოლმეურნეობა ან საბჭ. მეურნეობა და ამრავლებდა. წარმოებაში სათესლე ნაკვეთებზე მოჰყავდათ 1-იდან მე-4-მდე რეპროდუქციის თესლი, საწარმოო მინდვრებზე კი - მე-2-იდან მე-5 რეპროდუქციამდე. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლით უზრუნველყოფის მიზნით ყოველ კოლმეურნეობაში ორგანიზებული იყო მ-ის ბრიგადა, ხოლო საბჭ. მეურნეობაში - მ-ის განყ-ბა. ასევე არსებობდა სამრეწვ. მ., რ-იც ინდუსტრიული მეთოდებით აწარმოებდა თესლს სპეციალიზებულ მეურნეობაში, მექანიზებულ და ავტომატიზებულ სასაშრობო-სამეთესლეო კომპლექსებსა და სათესლე ქ-ნებში.
საქართველოში, როგორც მიწათმოქმედების უძველეს ქვეყანაში, საკუთარი წესებით ხდებოდა ჯიშების დაცვა "გადაჯიშებისაგან". განვითარდა ჯიშიანი თესლის წარმოების ორგანიზაცია. 1927 გ. რცხილაძის ხელმძღვანელობით თბილ. ბოტან. ბაღთან ჩამოყალიბდა თესლის კონტროლის ცენტრ. ლაბორატორია, შემდეგ მის ბაზაზე შეიქმნა თესლის კონტროლის ინსპექცია. 1929 რესპ. ყველა ადმ. რ-ნში მოეწყო თესლის კონტროლის ლაბორატორია, მომზადდა მეთესლე აგრონომთა კადრები. 1937 საქართვ. მიწსახკომთან შეიქმნა მ-ის სამმართველო, შემდეგ - ჯიშიანი თესლის სამმართველო. სამეცნ.-კვლ. დაწესებულებებში (ი. ლომოურის სახ. საქართვ. მიწათმოქმედების სამეცნ.-კვლ. ინ-ტი და მისი სისტემის საცდელი სადგურები) იყო მ-ის განყ-ბები, რ-ებიც დარაიონებულ ჯიშებსა და ჰიბრიდების ხაზებზე აწარმოებდნენ პირველად მ-ს. საქართველოში მ-ის ორგანიზაციაში, მეცნ. საფუძვლების შემუშავებასა და კადრების მომზადებაში, გ. რცხილაძის გარდა, დიდი წვლილი მიუძღვით დ. ბუაჩიძეს, ვ. გაბუნიას, ე. ჩერნიშს, ი. ებანოიძეს და სხვ.
ქვეყანაში XX ს. 90-იანი წლებიდან მ-ის განვითარება შეფერხდა, გაუქმდა დარგთან დაკავშირებული სხვადასხვა სპეციალიზებული სტრუქტურები. 2014-იდან დაიწყო მდგომარეობის გამოსწორებისათვის სხვადასხვა ღონისძიების გატარება. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ სამეცნ.-კვლ. ცენტრში შეიქმნა ჯიშთაგამოცდის სამსახური, რ-იც ეტაპობრივად დაარეგულირებს ადგილ. და შემოტანილი ჯიშების ვარგისიანობის საკითხს. დამტკიცდა კანონი სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სას.-სამ. კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მ-ის შესახებ.
მ-ის განვითარებისათის მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა საკითხებზე (თესლისა და სარგავი მასალების კონტროლი, ახ. პერსპექტიული ჯიშებისა და საძირეების ინტროდუქცია, თესლთა ბანკის შექმნა და ერთიან მონაცემთა ბაზის შევსება, სასელექციო მეურნეობების მოწყობა, ფერმერების საქმიანობის ხელშეწყობა და სხვ.). სას.-სამ. კულტურათა თანამედროვე უხვმოსავლიანი ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანას და წარმოებაში დანერგვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
ქვეყანაში მ-ის აღორძინება სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებელი პირობაა.
მ. სიხარულიძე
ა. ტყეშელაშვილი