მეზღაპრე
მეზღაპრე, პირი, რომელიც ზღაპრებს იგონებს ან ჰყვება. განსხვავებული ეპოქა სამყაროს განსხვავებული თვალით აღქმას გულისხმობს, რაც ზღაპარში მხატვრულად აისახება. ხალხ. ზღაპარი გაჟღენთილია უძველესი რწმენით. მ., ხშირ შემთხვევაში, ღმერთის მოხსენიებით იწყებს თხრობას. სიტყვიერი ფორმულა, "იყო და არა იყო რა" კი მიუთითებს, რომ მოქმედება უჟამო ჟამში, ანუ მითოლოგიურ დროსა და სივრცეში ვითარდება. ამით ის ხაზს უსვამს ამ ჟანრის განსაკუთრებულ დანიშნულებას. ასეთივე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ზღაპრის დამაბოლოებელ ფორმულას: "ჭირი იქა, ლხინი აქა". ხალხ. ზღაპრისგან განსხვავებით, ლიტ. ზღაპარს ჰყავს კონკრეტული ავტორი, რ-იც ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ მკვეთრად გამოხატავს საკუთარ პოზიციას და ხალხ. ზღაპრისთვის დამახასიათებელი გარკვეული სქემატური ჩარჩოებით არაა შებოჭილი.
ხალხ. მ. არასდროს ცდილობდა თავისი პიროვნულის, ინდივიდუალურის წინ წამოწევას; ის ხალხის "ხმისა" და მისი გულისნადების გამომხატველია.
ლიტ.: კიკნაძე ზ., ქართული ფოლკლორი, თბ., 2007; კოტეტიშვილი ვ., ხალხური პოეზია, თბ., 1961; ჩოლოყაშვილი რ., უძველესი რწმენა-წარმოდგენათა კვალი ხალხურ ზღაპრულ ეპოსში, თბ., 2004; Мелетинский Е. М., Миф и сказка, "Фольклор и этнография", М., 1970.