მეთამბაქოეობა, მემცენარეობის დარგი, რ-ის მიზანია თამბაქოს მოყვანა სამრეწველო დანიშნულებით. ფართოდ გამოიყენება თამბაქოს კულტურის 2 სახეობა - ნამდვილი თამბაქო (Nicotiana batacum) და წეკო (Nicotiana rustica). თამბაქოს ფოთლებისაგან მზადდება საპაპიროსე და საჩიბუხე თამბაქო, სიგარები, სიგარეტები, ფოთლებს იყენებენ ასევე ნიკოტინის პრეპარატებისა და ლიმონის მჟავას მისაღებად. ძველად თამბაქოს ფოთლებს ღეჭავდნენ, ფხვნილს, ე. წ. ბურნუთს კი ყნოსავდნენ.
თამბაქოს ფოთოლი შეიცავს (%-ობით) ნიკოტინს - 1-3, ეთეროვან ზეთს - 1, ფისს - 4-7, ნაცარს - 18-მდე. ფისი და ეთეროვანი ზეთი თამბაქოს სასიამოვნო არომატს სძენს. უმაღლესი ხარისხის საპაპიროსე ნადლეული შეიცავს 11-10% ნახშირწყლებს, 7% ცილებს. თამბაქოს თესლში 40%-მდე ეთერზეთია.
თამბაქოს სამშობლოა ცენტრ. და სამხრ. ამერიკა. რუსეთში გავრცელდა XVII ს. დასაწყისში. პეტრე I-ის დროს უკრაინაში გახსნეს თამბაქოს ფ-კა. თამბაქოს გავრცელების რ-ნები იყო ყირიმისა და კავკ. შავი ზღვის ზოლი, ამიერკავკ. და შუა აზიის რესპუბლიკები. აშენდა ქ-ნები, სადაც ხდებოდა თამბაქოს ნედლეულის ფერმენტაცია, სამეცნ. მუშაობა მიმდინარეობდა თბილისში ა. მიქოიანის სახ. თამბაქოსა და წეკოს საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში.
საქართველოში წეკო შემოიტანეს XVII ს. დამლევს, მანამდე ეწეოდნენ თრიაქს (ოპიუმი). ნამდვილი თამბაქო XIX ს. I ნახ-ში გავრცელდა, ეს იყო ამერ. თამბაქოს ჯიშები. თამბაქოს ჩვენში თუთუნს (თურქ.) უწოდებდნენ. ხშირად თამბაქოს წამლადაც ხმარობდნენ ჭრილობიდან სისხლის დენის შესაწყვეტად, პირუტყვის ქეცის მოსარჩენად, თავის ტკივილის გასაყუჩებლად (ბურნუთი) და სხვ. თამბაქოს საცდელი პლანტაციები გააშენეს ლაგოდეხში (1890), ოზურგეთსა და სოხუმში (1907). თამბაქო მოჰყავდათ აფხაზეთში, აჭარაში, ლაგოდეხისა და მარნეულის რ-ნებში, სადაც დარაიონებული იყო აფხ. და ლაგოდეხის მეთამბაქოეობის საცდელ სადგურებში გამოყვანილი ჯიშები: ჰიბრიდი 155, სამსუნი 27, სამსუნი 224, ტრაპიზონი 285, სამსუნი 27, სამსუნი 224, ტრაპიზონი 285, ტრაპიზონი 230, ტრაპიზონი 245 და სხვ. 1961-74 საქართველოში თამბაქოს ეკავა 12,5 ათ. ჰა, საშ. მოსავლიანობა იყო 14-15 ც/ჰა. მ-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ი. ბახტაძემ, პ. ჩიქოვანმა, ა. ჩაჩუამ, დ. ჯოჯუამ, მ. ჩაჩავამ, ს. ფიფინოვმა, ს. კახაძემ, ა. ზაქარიაძემ და სხვ.
XX ს. 90-იანი წლებიდან მ-მ განიცადა უკუსვლა, დაიხურა თამბაქოს ქ-ნა ბათუმში.
2016 საქართველოში თამბაქოს პლანტაციებს ეკავა 116 ჰა, მ. შ. აჭარაში - 65 ჰა (მთლიანი ფართობის 56%). 2020 აჭარაში თამბაქო გაშენდა 140 ჰა-ზე, ხოლო მოსავლიანობამ 314 ტ მიაღწია. კულტურის წარმოება ხდება რეგიონის მუნიციპ-ებში (ქედა, შუახევი, ხულო). აჭარაში 1000-მდე საოჯახო მეურნეობა დაკავებულია თამბაქოს კულტივირებით. საოჯახო მეურნეობის პირობებში ფერმერები ნედლეულს აშრობენ პოლიეთილენის ფირით გადახურულ, ხის მასალისაგან აშენებულ კონსტრუქციებში, გამომშრალ თამბაქოს ჭრიან შესაბამისი დანადგარით და ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან.
2021-ის მონაცემებით საქართველოში თამბაქოს მწარმოებელი საწარმოებია: სს "თბილისის თამბაქო", შპს "იმერი" (აჭარა, ბათუმი), შპს "ლაზეთი ტობაკო" (სამეგრელო-ზემო სვანეთი), შპს "პოსეიდონი" (ქ. საგარეჯო), შპს "ქართული თამბაქოს წარმოება" (ქ. მარნეული). პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც შიდა, ასევე უცხოეთის ბაზრებზე.
მ-ის, როგორც ქვეყნისთვის რენტაბელური დარგის აღორძინება გააუმჯობესებს ფერმერთა სოც.-ეკონ. მდგომარეობას და გაზრდის პროდუქციის ექსპორტს.
ლიტ.: ბერიძე ნ., ბუკია ზ., ლამპარაძე შ., ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები, ბათ., 2019; თამბაქოს აგროტექნოლოგია, თბ., 2015.
გ. ბადრიშვილი