მემინდვრიები (Microtinae), ძუძუმწოვრების ქვეოჯახი მღრღნელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა საშუალოდ 10–12 სმ, ზოგიერთისა 36 სმ აღწევს. კუდი სხეულის სიგრძის ნახევარია, ზოგჯერ – უფრო მოკლე. აქვთ მოკლე ყურები, პატარა თვალები, მომრგვალო ცხვირი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდ. ამერიკაში. აერთიანებს 15–20 გვარის 100-მდე სახეობას, რ-თაგან საქართველოში გვხვდება 8. ბინადრობენ ველზე, ტყეში, ჭაობში, მთებსა და სხვა ადგილებში. იკვებებიან მცენარეთა მიწისზედა ნაწილებით, ზოგიერთი სახეობა მარაგს იკეთებს. მრავლდებიან წლის თბილ პერიოდში, ზოგი — ზამთარშიც. უმრავლესობა სას.-სამ. კულტურების მავნებელია. იყენებენ ზოგიერთი მოზრდილი სახეობის (ondatra) ტყავს. მ. მრავალი მტაცებელი სარეწაო ცხოველის ძირითადი საკვებია. ადამიანისა და ცხოველისათვის ინფექციური დაავადების (შავი ჭირი, ტულარემია, ენცეფალიტი, ლეპტოსპიროზი და სხვ.) რეზერვატორები არიან. მავნებლობის მხრივ საშიშია საზოგადოებრივი (Microtus socialis) და ჩვეულებრივი (Microtus arvalis) მ. ბრძოლის ღონისძიებებია: ნიადაგის მოხვნა 25–30 სმ-ზე, მ-ის ბუნებრივი მტრების მიზიდვა, ბაქტერიული პრეპარატის მობნევა და სხვ.