მემნონი

მემნონი (Memnōn) (ძვ. წ. I-ის ბოლო ან ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნა), ბერძენი ისტორიკოსი. წარმოშობით იყო  ჰერაკლეადან. მისი მრავალტომიანი ნაშრომიდან „ჰერაკლეის ისტორია“ ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ IX–XVI წიგნებმა, რ-ებიც შესულია კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფოტიოსის თეოლოგიურ ნაშრომში  „ბიბლიოთეკა“. შემონახულ წიგნებში გადმოცემულია ჰერაკლეის ისტორია ძვ. წ. IV ს-იდან  ძვ.  წ.  I  ს-მდე (იულიუს კეისრის ხანამდე). მეცნიერები (თ. რეინაკი, თ. მომზენი, მ. ი. როსტოვცევი და სხვ.) მ-ს სანდო ავტორად მიიჩნევენ. საქართველოს ისტორიის შემსწავლელთათვის საყურადღებოა ქრონიკის ის ნაწილი, სადაც მოთხრობილია მითრიდატე  VI ევპატორის  მიერ რომის წინააღმდეგ ომებთან დაკავშირებული პერიპეტიები. მითრიდატეს მოკავშირეთა შორის დასახელებულია იბერიის მეფე არტოკე, იგივე არტაგი. ამბები საყურადღებოა თავდაპირველად მითრიდატე VI-ის ვაჟის, მახარეს პოლიტიკის დახასიათების თვალსაზრისით და შემდეგ სანიგების და ლაზების დასახელებით. სხვა ავტორებისგან განსხვავებით, მ. კოლხების მეფედ მახარეს მიიჩნევს და არა მის ძმას მითრიდატე უმცროსს.  . სანიგები (იგივე სანები) და ლაზები ანტ. წყაროებში არაერთგზის იხსენიებიან, მაგრამ ქრონოლოგიურად პირველია მ. (პლინიუსი, კლავდიოს პტოლემიოსი, არიანე, ლუკიანე გვიანდელი  ავტორები არიან). იგი სანიგებისა და ლაზების საცხოვრისის გასარკვევად კარგ მასალას გვაწვდის: ასახელებს პონტოს უკიდურეს აღმ. მხარეს, რაც ბერძნებისათვის ევქსინის ყურეა დიოსკურიასთან. ე. ი. მითრიდატეს ომების დროს ეს ტომები ცხოვრობენ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტ-ზე. მ-ის ისტორიაში კარგადაა ასახული შავი ზღვის სამხრ. და ჩრდ. სანაპიროს ურთიერთობის ამბავიც.

ლიტ.: ვაშაკიძე ვ., მემნონის ერთი ცნობა და ქართლის სამეფოს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი, კრ. საისტორიო - წყაროთმცოდნეობითი ძიებანი, თბ; 2014, ყაუხჩიშვილი თ., მემნონის „ჰერაკლიეს ისტორიის“ ცნობები საქართველოს შესახებ, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1967 ნაკვ. 34, მ ი ს ი ვ ე, საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, თბ., 1976; მისივე, ბერძენი მწერლები საქართველოს შესახებ. [წგ.] თბ., 1987; Jacoby F., Die Fragmente der Griechischen Historiker, Leiden, 1950; Photius, Bibliothèque. Texte établi et traduit par René Henry, Tome VI, Paris, 1959–71;

თ. ყაუხჩიშვილი