მემორიალური ნაგებობანი (Memorialis – სამახსოვრო), ფართო გაგებით – სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ნებისმიერი ნაწარმოები, რ-იც ეძღვნება ცალკეულ პირთა ან ისტ. მოვლენათა ხსოვნას: ძეგლი, მონუმენტი, პირამიდა, აკლდამა, საფლავის ძეგლი, მაზარი, სატრიუმფო თაღი, სვეტი, ობელისკი, ტაძარი; თანამედროვე პრაქტიკაში – არქიტექტურული და სკულპტურული კომპლექსები (ზოგჯერ ხელოვნების სხვა სახეობებთან ერთად) ან არქიტექტურის ნამუშევრები (მავზოლეუმები, მემორიალური მუზეუმები), რაც ითვალისწინებს სივრცობრივად განვითარებულ ანსამბლურ გადაწყვეტას. საქართველოში მ. ნ-თა ნიმუშებია: დაცვითი პავილიონი ი. სტალინის სახლზე გორში (1938; არქიტ. მ. ნეპრინცევი); სამასი არაგველის მემორიალი თბილისში (1962; არქიტ. ა. ბაქრაძე); II მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მემორიალები – მარნეულის (1975; მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტ. ნ. ბაქრაძე), მარაბდის (1976; მოქანდაკე ლ. ქველიძე, არქიტ. რ. კიკნაძე, შ. ყავლაშვილი), გურჯაანის (1978; მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტ. გ. ჯაფარიძე, ი. მოსულიშვილი, მხატვრები თ. კიკაბიძე, გ. ჩირინაშვილი), ფოთისა და გორის (ორივე 1979; მოქანდაკე ე. ამაშუკელი, არქიტ. ვ. დავითაია); დიდების მემორიალი ქუთაისში (1982; მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტ. ო. კალანდარიშვილი. 2009 მოხდა მისი დემონტაჟი), დიდების მემორიალი თბილისში, ვაკის პარკში (1985; მოქანდაკე გ. ოჩიაური, არქიტ. ვ. ალექსი-მესხიშვილი, ო. ლითანიშვილი, კ. ნახუცრიშვილი); 300 არაგველის მემორიალური კომპლექსი ჟინვალში (1987; მოქანდაკე რ. ხასია), იუნკერთა მემორიალი კოჯორთან (1989; არქიტ. გ. ჯაფარიძე), დიდგორის მემორიალური კომპლექსი (1991; მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტ. თ. გუნია); აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველ მეომართა მემორიალი გმირთა მოედანზე (2010; მოქანდაკე გ. შხვაცაბაია), საქართვ. მთლიანობისათვის დაღუპულ ქართვ. მეომართა მემორიალი იქვე (2010; ავტორი ალბერტო დომინგო კაბო), შინდისის მემორიალი (2022; მოქანდაკე ნ. ჭავჭავაძე) და სხვ.