მემცენარეობა, სოფლის მეურნეობის დარგი, რ-ის მიზანია უმთავრესად კულტურული მცენარეების მოყვანა. მ. იძლევა საკვებს პირუტყვისათვის, ნედლეულს კვების, საფეიქრო, ფარმაცევტული, პარფიუმერული მრეწველობისათვის. იგი მოიცავს მებოსტნეობას, მეხილეობას, მევენახეობას, მემინდვრეობას, მეტყევეობას, მეყვავილეობას. მ. მჭიდროდაა დაკავშირებული მეცხოველეობასთან.
მ., როგორც სასწავლო დისციპლინა, გაიგივებულია მემინდვრეობასთან, შედის აგრონ. მეცნ. კომპლექსში და მჭიდროდაა დაკავშირებული ნიადაგმცოდნეობასთან, ზოგად მიწათმოქმედებასთან, მცენარეთა სელექციასთან, სას.-სამ. მეტეოროლოგიასთან, მცენარის ფიზიოლოგიასთან, ბიოქიმიასთან, გენეტიკასთან, სას.-სამ. მიკრობიოლოგიასთან, აგროფიზიკასთან, აგროქიმიასთან. მ-ის შესწავლის ობიექტია სას.-სამ. მცენარე, მისი ბიოლ. დამოკიდებულება გარემოსთან – აგროეკოლოგიურ პირობებთან.
მ. სწავლობს მცენარეთა ზრდა-განვითარების კანონზომიერებებს, გარემო პირობებსა და აგროტექნიკაზე დამოკიდებულებით ცალკეული კულტურების მოსავლიანობის გაზრდის საშუალებებსა და სისტემებს: თესვა-მოყვანისა და მოსავლის აღების ტექნოლოგიას – ჯიშის შერჩევას, ნიადაგის დამუშავება-განოყიერებას, თესვას, ნათესის მოვლის, თესლბრუნვაში კულტურების გაადგილებისა და მოვლის ღონისძიებებს და სხვ. მ. კვლევისას იყენებს მინდვრის სავეგეტაციო და ლაბორ. მეთოდებს.
მ-ის დარგში სამეცნ.-მეთოდიკურ და კვლევით მუშაობას ატარებდა ნ. ვავილოვის სახ. მ-ის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი და სოფ. მეურნ. მეცნ. საკავშირო აკადემია.
მ-ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს მ. ლომონოსოვმა, დ. მენდელეევმა, ვ. დოკუჩაევმა, ი. სტებუტმა, კ. ტიმირიაზევმა, დ. პრიანიშნიკოვმა, ნ. ვავილოვმა და სხვ.
საქართველოში მ. სოფლის მეურნ. უძველესი დარგია. საქართველო და საერთოდ ამიერკავკასია ითვლება მსოფლიოში კულტ. მცენარეთა ერთ-ერთ ცენტრად. მინდვრის კულტურების შესწავლის მნიშვნელოვან წყაროდ მიიჩნევა ივ. ჯავახიშვილის ნაშრომები „საქართველოს ეკონომიკური ისტორიის შესახებ“, აგრეთვე ს.-ს. ორბელიანის „სიტყვის კონა“ და ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოისა“, სადაც განხილულია ჩვენში გავრცელებული სას.-სამ. დარგები და კულტურები, განმარტებულია მიწათმოქმედების მრავალი ტერმინი.
მ-ის პრობლემებისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა XIX ს. 60-იან წლებში, როდესაც ქართ. ჟურნალ-გაზეთები – „გუთნის დედა“, „სასოფლო გაზეთი“, „მეურნე“, „საქართველოს კალენდარი“ და სხვ. აქვეყნებდნენ სტატიებს სას.-სამ. კულტურების მოვლა-მოყვანის წესების შესახებ. ამ მხრივ საყურადღებოა მ. ზაალიშვილის სტატიები.
მ-ის კვლევას მეცნ. საფუძვლები ჩაეყარა XIX ს. დამლევს, როდესაც საქართველოში შეიქმნა ყარაიის, საქარის, აჯამეთის, ოზურგეთის საცდელი მინდვრები. 1920 თსუ-ში გაიხსნა მ-ის (კერძოდ, მიწათმოქმედების) კათედრა, რ-საც ხელმძღვანელობდა ი. ლომოური, მანვე დაწერა პირველი სახელმძღვანელო – „მარცვლეული კულტურები“ (I და II ნაწ.).
საქართველოში მ-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ი. ლომოურმა, ლ. დეკაპრელევიჩმა, ნ. კეცხოველმა, ვ. მენაბდემ, გ. აბესაძემ, ი. ბახტაძემ, ვ. სუპატაშვილმა, შ. ჭანიშვილმა, მ. დალაქიშვილმა, ა. ჯაფარიძემ, მ. სიხარულიძემ და სხვ. დამუშავდა აგროწესები და გამოიცა სახელმძღვანელოები სას.-სამ. კულტურების მოსავლიანობის გაზრდის ღონისძიებათა შესახებ.
მ-ის საკითხებს ამუშავებდა ი. ლომოურის სახ. საქართვ. მიწათმოქმედების სამეცნ.-კვლ., სას.-სამ., ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლ. და სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტების შესაბამისი კათედრები. მ-ის საკითხები და პრობლემები შუქდებოდა ჟურნ. „საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (1921-იდან), სამეცნ.-კვლ. ინ-ტების, საცდელი სადგურებისა და უმაღლესი სასწავლებლების სამეცნ. ნაშრომებში.
საქართვ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების, ასევე აგრ. უნ-ტის აგრონ. მეცნ. დეპარტამენტები და სოფლის მეურნეობის მეცნ. აკადემიის აგრონ. მეცნ. განყ-ბა ხელს უწყობენ მ-ის დარგის შემდგომ განვითარებას.
ლიტ.: ბადრიშვილი გ., მემცენარეობა, თბ., 1981; დათუნაშვილი ლ., საქართველოში მემცენარეობის განვითარების სტრატეგია ზოგიერთი წარმატებული ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, თბ., 2021; ლომოური ი., მარცვლეული კულტურები, ნაწ. 1–2,თბ., 1946–50; ჯაფარიძე ა., მემცენარეობა, თბ., 1975;
გ. ბადრიშვილი