მენაბდე ალექსანდრე იასონის ძე [8(21). I. 1912, გილიანი, ირანი, – 1. XII. 1997, თბილისი], ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი (1934). მონაწილეობდა სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ობიექტის დაპროექტებაში; მუშაობდა „თბილჰიდროპროექტში“ (1944–97). მონაწილეობდა სოხუმჰესის, შაორი-ტყიბულისა და ბახვი-ნატანების ჰესების კასკადის დაპროექტებაში. იყო ორთაჭალჰესის პროექტის მთ. ინჟინერი (1953–55); „თბილჰიდროპროექტის“ ლაჯანურჰესის პტოექტირების განყ-ბის გამგე და პროექტის მთ. ინჟინერი (1955–61). მისი უშუალო ხელმძღვანელობით სხვა ნაგებობებთან ერთად დაპროექტდა და აშენდა „ლაჯანურჰესის“ (სსრკ-ში პირველი) ბეტონის თაღოვანი კაშხალი. იყო ენგურის ვარდნილჰესების კასკადის პროექტის მთ. ინჟინერი და „თბილჰიდროპროექტის“ მთ. ინჟინრის მოადგილე (1961–72); ენგურჰესის პროექტის მთ. ინჟინერი (1972–97). მისი ხელმძღვანელობით შესრულებული საპროექტო სამუშაოები გამოირჩევა მაღალი დონის ტექნიკური გადაწყვეტილებებით. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები.