მენაღარიშვილი ათინოგენ ჯამულეთის ძე [15(28). V. 1900, დაბა ლანჩხუთი, – 12. V. 1990, თბილისი], აგროქიმიკოსი, სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1948), პროფესორი (1948), მეცნ. დამს. მოღვაწე (1955). 1928 დაამთავრა თსუ-ის აგრონ. ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო ჩაქვის საცდელ სადგურში მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე. 1931-იდან იყო საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგროქიმ. კათედრის პროფესორი. გამოიკვლია ჩაის მცენარის საკვები ხსნარის ოპტიმალური რეაქცია, დაადგინა ჭიათურის მანგანუმის შლამის მიკროსასუქად გამოყენების შესაძლებლობა, დაამუშავა მურა ნახშირიდან ჰუმინისა, ტორფიდან კი სასუქების დამზადების ტექნოლოგია. ავტორია აგროქიმ. სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების: „საკვები კულტურების განოყიერება“ (1947), „საქართველოს ტორფი“ (1949), „საქართველოს ნიადაგების აგროქიმიური დახასიათება“ (1963) და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
გ. თოდუა