მენეჯერი (ინგლ. – Manager, სიტყვიდან manage – მართვა, ხელმძღვანელობა), ორგანიზაციის (ან მისი ნაწილის) და პერსონალის მართვაზე პასუხისმგებელი პირი (მმართველი, ხელმძღვანელი, ორგანიზატორი, დირექტორი, ადმინისტრატორი, იმპრესარიო, მხედართმთავარი და ა.შ), რ-იც განკარგავს რესურსს და წარმართავს მმართველობით პროცესს კვალიფიციური გადაწყვეტილებების მიღებით. მ. შეიძლება იყოს მესაკუთრეც, მაგრამ უფრო ხშირად ის დაქირავებული პირია. მ-ს თავისი ძირითადი ფუნქციების (დაგეგმვა, ორგანიზება, მოტივაცია, კოორდინაცია და კონტროლი) შესასრულებლად მოეთხოვება მრავალმხრივი უნარ-ჩვევები, რ-ებიც დაჯგუფებულია კონცეპტუალურ, პიროვნულ და ტექ. კატეგორიებად. თანამდებობრივად ორგანიზაციის იერარქიული ვერტიკალი დაყოფილია ინსტიტუციურ (ტოპმენეჯერები), მმართველობით (საშ. მმართველობითი რგოლი) და საშემსრულებლო (ქვედა რგოლი) მენეჯერულ დონეებად. ტოპმენეჯმენტი პასუხისმგებელია ორგანიზაციის მიზნების, დანიშნულებისა და სტრატეგიის შემუშავებაზე, აგრეთვე გარე ზემოქმედების კონტროლზე. მმართველობითი დონე ახორციელებს საშუალო რგოლის ერთეულებისა და ორგანიზაციის ქვედანაყოფების მართვას. საშემსრულებლო დონეს ეკისრება უშუალო პასუხისმგებლობა წარმოებასა და მომსახურებაზე. ძირითადი მმართველობითი რგოლების მოვალეობაა პიროვნებათშო-რისი და საინფორმაციო ურთიერთობების უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების მიღება.
მ-ის საქმიანობის წარმატება-წარუმატებლობის ხარისხი განპირობებულია გაწეული მუშაობის პროდუქტიულობითა და ეფექტიანობით. პროდუქტიულობა (წარმადობა) განისაზღვრება წარმოების ან მომსახურების შედეგის ღირებულების შეფარდებით გაწეულ დანახარჯებთან. ეფექტიანობა, როგორც გარე მაჩვენებელი, ასახავს მომხმარებლის დაკმაყოფილების ხარისხს. ამრიგად, პროდუქტიულობა არის საქმის სწორად კეთება, ხოლო ეფექტიანობა – საჭირო საქმის კეთება.
საქართველოში მ-ის პროფესია XIX ს-ში კაპიტალიზმის წარმოშობასთან ერთად გაჩნდა საბჭ. კავშირში საწარმოებს დირექტორები მართავდნენ, რ-იებიც დირექტივებს ხელისუფლების ცენტრ. ორგანოებიდან იღებდნენ. XX ს. 90-იან წლებში, საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ყალიბდება მ-თა ახ. ფენა, რაც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასა და სახელმწ. საწარმოების პრივატიზებას უკავშირდება. მ. ერთ-ერთია ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროფესიაა.
ლიტ.: მაჭავარიანი შ., მენეჯმენტის საფუძვლები, თეორიები, კონცეფციები, პრაქტიკული მიდგომები, თბ., 2014; Boddy D., Paton R., Management. An Introductions, Prentice Hall International is an imprinted of PEARSON, London, N.Y., Boston, 2011; Drucker P., Managing in a Time of Grait Change, Oxford, 1995.
შ. მაჭავარიანი