მენთეშაშვილი სტეფანე ბაგრატის ძე (1907, სოფ. ქვემო მაჩხაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 20. IV. 1965, თბილისი), ენათმეცნიერი, ლექსიკოლოგი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1945), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1971). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1930). იყო საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ეთნოგრ. განყ-ბის თანამშრომელი (1931), ისტ. განყ-ბისა (1941–45) და ენათმეცნ. ინ-ტის ლექსიკოლოგიის განყ-ბის გამგე (1951-იდან). მისი ხელმძღვანელობით საქართვ. სახელმწ. მუზეუმის არქეოლ. ექსპედიციამ 1938–39 სოფ. ძველ ანაგასთან (ახლანდ. სიღნაღის მუნიციპ.) აღმოაჩინა VI–VIII სს. ათი სამარხი. მ-ის სამეცნ. წერილებიდან აღსანიშნავია: „კალოობა ქიზიყში“ (1936), „კევრი“ (1936), „აჭარის ეთნოგრაფიული მასალები“ (1937), „ჰაემეტობა ინგილოურში“ (1939), „მიცვალებულთა დამარხვისა და სამარეების ტერმინოლოგიისათვის“ (1944). მან შემოიღო ტერმინი „სამაროვანი“. მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ (ტ. 1–8, 1950–64) მომზადებაში (VII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი), რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია.
თხზ.: ქიზიყური ლექსიკონი, თბ., 1943.
ა. არაბული