მენშევიზმი

მენშევიზმი, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) მიმდინარეობა, რ-იც მეორე მიმდინარეობასთან – ბოლშევიზმთან ერთად პარტიაში არსებული უთანხმოების ბაზაზე აღმოცენდა. ეს უთანხმოება 1903, რსდმპ II ყრილობაზე პარტიის ორად გაყოფით დასრულდა. ამ ყრილობაზე აირჩიეს სამი ხელმძღვანელი ორგანო – ცენტრ. კომიტეტი, გაზეთ „ისკრის“ რედაქცია და პარტიის საბჭო. ამ ორგანოების არჩევნებში ვინც უმრავლესობა მიიღო, უწოდეს „ბოლშევიკები“ (უმრავლესობა – Большинство), უმცირესობაში დარჩენილებს ეწოდათ „მენშევიკები“ (უმცირესობა – Меньшинство). ეს დაყოფა მხოლოდ II ყრილობას ეხება, შემდეგ ვითარება შეიცვალა, მაგ., საქართველოში ბოლშევიკები მუდამ უმცირესობაში იყვნენ, ხოლო მენშევიკები – უმრავლესობაში.

XIX ს-ში, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, რუსეთში აღმოცენდა სოციალისტური მოძრაობის ერთ-ერთი ნაირსახეობა – ნაროდნიკობა (ხალხოსნობა). მისი მიზანი რუსეთში სოციალიზმის დამყარება იყო, რ-ის საფუძველიც გლეხებს შორის მიწის თანაბრად განაწილება უნდა ყოფილიყო. მთელ ნაროდნიკულ მოძრაობას ერთნაირი მიზანი ჰქონდა, თუმცა მიზნის მიღწევის გზებისა და საშუალებების, ანუ ტაქტიკური საკითხების შესახებ სერიოზული უთანხმოება წარმოიშვა. ამის შედეგად 1876 შექმნილი საერთო-რუსული ორგანიზაცია „ზემლია ი ვოლია“ 1879 ორად გაითიშა. ორგანიზაციის ძირითადი ბირთვი – „ნაროდნაია ვოლია“ რუსეთში სოციალიზმის მიღწევას საერთოგლეხური აჯანყების, რევოლუციის გზით აპირებდა და თვლიდა, რომ რუსი გლეხობა ამისათვის მზად იყო. ორგანიზაციის მეორე ნაწილი – „ჩორნი პერედელი“ მიიჩნევდა, რომ საერთოგლეხური რევოლუციისათვის რუსეთი მზად არ იყო, რის გამოც ნაროდნიკებს უნდა ებრძოლათ რუსეთში აგრ. რეფორმის გასატარებლად და გლეხობისთვის მიწის გადასაცემად. „ჩორნი პერედელის“ აქტ. წევრები და იდეოლოგები იყვნენ მ-ის ცნობილი თეორეტიკოსი გ. პლეხანოვი (1856–1918) და სხვა მომავალი მენშევიკები. XIX ს. 90-იანი წლებიდან და XX ს. დამდეგიდან რუსეთის სოც.-დემოკრატიაში გ. პლეხანოვის მიმდინარეობასთან (მ-თან) ერთად ყალიბდებოდა მეორე, ექსტრემისტულ-რადიკალური მიმდინარეობა ბოლშევიზმი, რ-ის ლიდერიც ვ. ულიანოვი (ლენინი) იყო. ბოლშევიზმი იდეურად ახლოს იყოს ნაროდნიკულ ორგანიზაცია „ნაროდნაია ვოლიასთან“ და საერთორუსული რევოლუციის გზით სოციალიზმის დამყარების შესაძლებლობის სჯეროდა.

გ. პლეხანოვი, ლ. მარტოვი (ცედელბაუმი) და სხვა მენშევიკები  ლენინთან და ბოლშევიკურ მიმდინარეობასთან დაპირისპირებისას საჭირო პრინციპულობას ვერ იჩენდნენ. ეს, პირველ რიგში, ითქმის გ. პლეხანოვზე, რ-მაც ვერც რსდმპ II ყრილობის მომზადებისთვის ბრძოლის პერიოდში (1900–03) და ვერც ყრილობის მუშაობის მომენტში სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია ლენინსა და სხვა ბოლშევიკებს. საბოლოოდ, განსხვავება რუსეთის სოც.-დემოკრატიის მენშევიკურ და ბოლშევიკურ მიმდინარეობებს შორის შემდეგში გამოიხატებოდა: 1. ბოლშევიზმი აღიარებდა, რომ შესაძლო იყო ისტ. პროცესის ფორსირება (დაჩქარება), თუკი ამას სოციალიზმის ინტერესები მოითხოვდა. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, ხალხის მასა მზად იყო თუ არა ისტ. პროცესის ფორსირებისათვის; 2. მ. აღიარებდა, რომ საზ-ბის განვითარების ისტ. კანონზომიერების უარყოფა, ისტ. პროცესის ფორსირება გაუმართლებელი იყო, თუნდაც სოციალიზმის ინტერესებისათვის. ხალხის მასა არასდროს იქნებოდა მზად ისტ. პროცესის დაჩქარებისთვის და იგი რევოლუციის გარკვეულ ეტაპზე განზე გადგებოდა, უფრო მეტიც, დაუპირისპირდებოდა რევოლუციას; 3. ბოლშევიკები მიიჩნევდნენ, რომ სოციალიზმის დამყარებისათვის აუცილებელი იყო სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდება, თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების გზით. პოლიტ. ძალაუფლება გამარჯვებულ პარტიას საშუალებას მისცემდა, თავისი საპროგრამო მოთხოვნები რეალობად ექცია; 4. მენშევიკები უარყოფდნენ თავდაპირველად სახელმწიფო ხელისუფლების დაუფლებას, ანუ პოლიტ. ძალაუფლების მოპოვებას და შემდეგ ნებისმიერი მეთოდებითა და საშუალებებით ხალხის იძულებას, ჩაბმულიყო სოციალიზმის მშენებლობაში; 5. ბოლშევიკები უარყოფდნენ რუსეთის საპარლამენტო ცხოვრებაში (სახელმწიფო სათათბიროში) მონაწილეობას და ბოიკოტს უცხადებდნენ მას; 6. მენშევიკები აღიარებდნენ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მიმდინარე რეფორმატორულ საქმიანობაში სოც.-დემოკრატების მონაწილეობა აუცილებელი იყო, რათა რეფორმებს უფრო სახალხო, დემოკრ. ხასიათი მიეღო; 7. ბოლშევიკები კატეგორიულად უარყოფდნენ პოლიტ. ბრძოლაში სხვა პარტიებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; 8. მენშევიკები მიიჩნევდნენ, რომ სხვა პოლიტ. პარტიებთან შეთანხმება და თანამშრომლობა მნიშვნელოვანწილად გააძლიერებდა სოციალიზმისათვის ბრძოლაში ერთიანი ფრონტის შექმნას.

რუს. მ-ის ისტორიაში, მისი ორგანიზაციული და თეორიული საფუძვლების დამუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველმა მენშევიკებმა: ნ. ჟორდანიამ, ნ. (კარლო) ჩხეიძემ, ი. (კაკი) წერეთელმა და სხვ. რუს ბოლშევიკ ლიდერთა შორის უკვე XX ს. დამდეგიდან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ი. ჯუღაშვილი (სტალინი), თავდაპირველად როგორც ქართველ ბოლშევიკთა, ხოლო შემდეგ – სრულიად რუსეთის ლიდერი.

1917 თებ.-მარტის რევოლუციის შემდეგ ქართველ მენშევიკებს  შესაძლებლად ეჩვენებოდათ რუსეთის დემოკრ. სახელმწიფოს შემადგენლობაში საქართველოს ფართო ავტონომიური ერთეულის სახით არსებობა. 1917 წ. 24–26 ოქტომბრის კონტრრევოლუციური გადატრიალების შემდეგ ქართველმა მენშევიკებმა დაუშვებლად მიიჩნიეს საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში რაიმე ფორმით საქართველოს დარჩენა და კურსი აიღეს მასთან პოლიტ. კავშირის გაწყვეტაზე, რაც განხორციელდა კიდეც. საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის (1918–21) წამყვანი პოლიტ. ძალა ქართ. სოც.-დემოკრატიის მენშევიკური მიმდინარეობა (ნ. ჟორდანია, კ. ჩხეიძე, ი. წერეთელი, ე. გეგჭკორი, ა. ჩხენკელი, ნ. რამიშვილი და სხვ.) იყო. სწორედ მათ განსაზღვრეს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებები, პოლიტ., ეკონ. და სოც. სისტემის პრინციპები.

საქართვ. სოც.-დემოკრ. პარტიის მიმართ რეპრესიები 1921-იდან დაიწყო, ხოლო 1924 აჯანყების დროს განსაკუთრებით გაძლიერდა. საქართვ. სოც.-დემოკრ. პარტია 1921 შემდეგ მოღვაწეობას ემიგრაციაში აგრძელებდა. მისი ცალკეული ორგანიზაციების ლიკვიდაცია საქართველოში და ე. წ. პარტიის ახალი ლიდერების თანამშრომლობა საბჭ. ხელისუფლებასთან არ ნიშნავდა, რომ პარტიამ უარი თქვა თავის პროგრამაზე და საბჭოთა ხელისუფლებას შეეზარდა. საზღვარგარეთ საქართვ. სოც.-დემოკრ. პარტია II მსოფლიო ომის შემდეგაც არსებობდა. მის ხელმძღვანელებს პარტიის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება არასდროს მიუღიათ, თუმცა პარტია პრაქტიკულად მოღვაწეობას ვეღარ აგრძელებდა.

ვ. გურული