მერქანი, ქსილემა (<ბერძნ. Xylon – ხე), მერქნიანი და ბალახოვანი მცენარეების რთული ქსოვილი, რ-იც ატარებს წყალს და მასში გახსნილ მინერალურ მარილებს. შედგება გამტარი, მექან. და დამაგროვებელი ქსოვილებისაგან. აბსოლუტურად მშრალი მ. საშუალოდ შეიცავს 49.5% ნახშირბადს, 6.3% წყალბადს, 44.1% ჟანგბადს, 0.1% აზოტს. მ-ში უჯრედის გარსის წილად მოდის მასის დაახლ. 95%. გარსის მთავარი შემადგენელი ნაწილებია ცელულოზა (43–56%) და ლიგნინი (19–30%).
მ-ს ფართოდ იყენებენ მანქანათმშენებლობასა და გემთმშენებლობაში, ავეჯის, მუს. ინსტრუმენტებისა და სხვ. წარმოებაში, აგრეთვე – ნედლეულად ცელულოზა-ქაღალდის წარმოებაში. მ-სგან ამზადებენ მრავალი დასახელების პროდუქციასა და ნაკეთობას.
საქართვ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2017–22 წლებში ჩატარებული ტყის ეროვნ. აღრიცხვის შედეგების მიხედვით, ტყით დაფარული ფართობი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, 3 096 700 ჰა-ს, ანუ ქვეყნის მთლიანი ტერიტ-ის 44.7%-ს შეადგენს. ტყის 98%-ზე მეტი ბუნებრივი წარმოშობისაა. საქართვ. ტყეებში გავრცელებული 130-მდე მერქნიანი სახეობიდან (ხეები და ბუჩქები), ხშირია წიფელი (25.6%), რცხილა (16.2%), მურყანი (8.7%), მუხა (7,1%), ნაძვი (7,1%), წაბლი (5,4%). მ-ის საერთო მარაგი შეადგენს 528,2 მლნ მ3-ს, წლიური საშუალო შემატება – 6მ3/ჰა-ზე, ხოლო ტყეების საერთო წლიური შემატება – 13,7 მლნ მ3-ს, ხელოვნურად გაშენებული ტყეების ფართობი საერთო ფართობის 2%-ზე ნაკლებია. ამ მხრივ აღსანიშნავია ფერდობები თბილ. გარშემო, სადაც დარგულია ძირითადად წიწვოვანი ხეები (ფიჭვი, კვიპაროსი, კედარი), ასევე ფიჭვნარი სურამის მისადგომებთან, წალკის ფიჭვნარი და სხვ.
მ. მაჭავარიანი