მესამე დასი

„მესამე დასი“, პირველი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია საქართველოში, გლეხობისა და პროლეტარიატის ინტერესების  გამომხატველთა ლიტ.-პოლიტ. ჯგუფი. დამფუძნებელი კრების (კონფერენციის) პირველი სხდომა 1892 წ. 25 დეკემბერს გაიმართა ზესტაფონში (ყვირილა), ე. ნინოშვილის ბინაში. ესწრებოდნენ ე. ნინოშვილი, ნ. ჟორდანია, ს. ჯიბლაძე, ნ. (კარლო) ჩხეიძე, ი. რამიშვილი, ი. კაკაბაძე, დ. კალანდარიშვილი, რ. კალაძე, ა. წითლიძე, მ. ცხაკაია, ე. ვაწაძე. 1893 თებ. თბილისში გამართულ მეორე სხდომაზე  [ესწრებოდნენ ე. ნინოშვილი, ნ. ჟორდანია, ს. ჯიბლაძე, ნ. (კარლო) ჩხეიძე, მ. ცხაკაია, ი. კაკაბაძე, ი. კვიცარიძე, ს. დანდუროვი] გამოცხადდა მარქსისტული ორგანიზაციის შექმნა, რ-საც შემდეგ „მ. დ.“ ეწოდა (ეს სახელი ქართველ სოც.-დემოკრატებს მწერალმა გ. წერეთელმა დაუმკვიდრა). ამ ჯგუფის საპროგრამო გამოსვლა კი მოხდა 1894 ე. ნინოშვილის დაკრძალვის დღეს (ს. ჯიბლაძის მიერ წარმოთქმული სამგლოვიარო სიტყვა). ამ დასის სახელით გამოვიდა პოეტებისა და ბელეტრისტების მთელი ფრაქცია: ე. ნონეშვილი, ჭ. ლომთათიძე, ლალიონი, დ. ერისთავი, შ. არაგვისპირელი, ა. ერისთავი-ხოშტარია.

„მ. დ-ში“ თავიდანვე გამოიკვეთა ორი იდეური მიმართულება: დასავლურ-რეფორმისტული და რევოლუციურ-რადიკალური. თბილ. კონფერენციაზე „მ. დ-მა“ მიიღო ნ. ჟორდანიას მიერ დაწერილი პროგრამა, რ-იც ი. ჭავჭავაძის იდეების ძლიერ გავლენას განიცდიდა. ახალგაზრდა ნ. ჟორდანია ახლოს იდგა წოდებათა შერიგებისა და თანამშრომლობის ილიასეულ იდეასთან. მოგვიანებით, იგი უფრო ღრმად გაეცნო მარქსიზმს, აღიარა კლასობრივი საკითხის პრიმატი ეროვნულ საკითხთან მიმართებით და კოსმოპოლიტურ პოზიციაზეც კი დადგა.

1898 ქართულ სოც.-დემოკრატიაში არსებული იდეური დაპირისპირება ორ ფრაქციად გაფორმდა: ნ. ჟორდანია, ვ. დარჩიაშვილი, ნ. ჩხეიძე, ი. (კაკი) წერეთელი, ი. რამიშვილი და სხვ. რეფორმისტულ პოზიციებზე დარჩნენ; მეორე ფრთა ვ. (ლადო) კეცხოველის, ფ. მახარაძის, მ. ცხაკაიას, ა. წულუკუძის, ი. ჯუღაშვილის და სხვათა შემადგენლობით რევოლუციურ-რადიკალურ მიმდინარეობად ჩამოყალი-ბდა.

სოც.-დემოკრატები ყოველგვარი უსამართლობის საფუძვლად კერძო საკუთრებას მიიჩნევდნენ, რადგან ის თავისთავად გამორიცხავდა „თანასწორთა საზოგადოების“ შექმნის შესაძლებლობას. ამიტომ ყველა სოციალისტი კერძო საკუთრების სახელმწ. საკუთრებით შეცვლას უჭერდა მხარს. პოზიციათა განსხვავება სოციალ. საზ-ბისკენ მიმავალი გზების ძიებისას იწყებოდა. რეფორმისტები სოციალ. სახელმწიფოს აშენებას დემოკრ. მმართველობის განმტკიცებისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების თანდათანობითი გზით გეგმავდნენ, მაშინ როცა ექსტრემისტული ფრთა ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის ყოველგვარ კომპრომისს გამორიცხავდა. ეს ფრთა ძალმომრეობას ბოროტებად არ მიიჩნევდა და თვლიდა, რომ „ალესილი მახვილი, ძალა, ამბოხება და სისხლისღვრა მიუძღოდა ყოველთვის წინ სამართლიანობის დამყარებას.“

დასავლურ-რეფორმისტული ფრთის წარმომადგენლები გ. წერეთლის გაზ. „კვალის“ გარშემო გაერთიანდნენ, რადიკალურმა ფრთამ კი 1901 არალეგალური გაზ. „ბრძოლა“ გამოსცა, რ-იც შემდეგ სომხურ „პროლეტართან“ გაერთიანდა და „პროლეტარიატის ბრძოლის“ სახელით ქართულ და სომხურ ენებზე გამოიცემოდა.

1903 გაზაფხულზე თბილისში არალეგალურად გამართულ რსდმპ კავკასიის კავშირის პირველ ყრილობაზე ქართული სოც.-დემოკრატია რუსეთის სოც.-დემოკრატიული პარტიის ნაწილად გამოცხადდა.

1903 ზაფხულში რსდმპ II ყრილობაზე რუსეთის სოც.-დემოკრატიის მენშევიკურ და ბოლშევიკურ ფრაქციებად გაყოფაც გაფორმდა (იხ. მენშვიზ). ფრაქციები ერთ პარტიაში ყოფნას განაგრძობდნენ, თუმცა ყველა ძირითად საკითხზე ერთმანეთის საპირისპირო პოზიციებს აფიქსირებდნენ. ნ. ჟორდანიას მომხრეები გ. პლეხანოვისა და ი. მარტოვის იდეებს იზიარებდნენ და შესაბამისად, მენშევიკურ ფრაქციას მიემხრნენ, რევოლუციურ-რადიკალური ფრთა (მახარაძე, ცხაკაია, ჯუღაშვილი და სხვ.) ლენინურ, ანუ ბოლშევიკურ ფრთას შეუერთდნენ. ამის შემდეგ „მ. დ-მა“ თანდათან დაკარგა მნიშვნელობა.

უ. ბლუაშვილი