მესამე პირი

მესამე პირი, სამოქალაქო სამართალწარმოების მონაწილე პირი, რ-იც უკვე დაწყებულ სამართალწარმოების პროცესში ერთვება მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეს. მ. პ. პროცესის თანამონაწილეა. მას შეიძლება გააჩნდეს მოსარჩელისგან დამოუკიდებელი მოთხოვნაც, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ ეკისრება რაიმე ვალდებულება.

მ. პ-ის ინ-ტი, ისევე როგორც ტერმინი, სათავეს რუსული კანონმდებლობიდან იღებს. 1801 რუსეთის მიერ საქართველოში სახელმწიფოებრივი ელემენტების გაუქმების შემდეგ, ქართ. სამართალწარმოება რუსეთის საკანონმდებლო სივრცეში მოექცა, ხოლო შემდეგში, როგორც საბჭ. რუსეთის ნაწილში, საქართვ. საპროცესო სამართლებრივი ინ-ტები რუსეთში არსებულის ანალოგიურად განვითარდა. რუსეთის იმპერიის სამოქალაქო საქმეთა წარმოების წესდება მკვეთრ ზღვარს არ ავლებდა დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე და არმქონე მ. პ-ებს შორის. 1923 რუსეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსმა პირველად გამოყო მ. პ-ები დამოუკიდებელი მოთხოვნით და მის გარეშე. საქ. სსრ სამოქალაქო საპროცესო სამართლის კოდექსი (1964) ასევე შეიცავდა მნიშვნელოვან საპროცესო ნორმებს მ. პ-ის ინ-ტის შესახებ.

დამოუკიდებელი საქართვ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (1997) მიხედვით, მ. პ. სამოქალაქო პროცესში შეიძლება ჩაერთოს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მხარეს. მ. პ-ად პროცესში ჩაერთვება ის, ვის უფლებებსა და მოვალეობებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებამ. მ. პ. შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდ. პირი ან სახელმწიფო წარმოდგენილი მისი უწყებების ან ორგანოების მეშვეობით. საქმეში მ. პ-ად ჩართვის საფუძველს მის მიმართ სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა წარმოადგენს. ერთი მხარის მიერ მ. პ-ის მიმართ ან მ. პ-ის მიერ ერთ-ერთი მხარის მიმართ შემდგომში რეგრესული სარჩელის შეტანის შემთხვევაში, მხარეებს აღარ შეუძლიათ სადავო გახადონ ის ფაქტები და სამართალურთიერთობები, რ-ებიც მ. პ-ის მონაწილეობით გამოტანილი გადაწყვეტილებითაა დადგენილი.

საქმის განხილვის პროცესში იმ პირის ნაცვლად, რ-იც არასათანადო მოსარჩელედ იქნება მიჩნეული, შეიძლება ჩაებას პირი მ. პ-ის სტატუსით, რ-იც განაცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას   საქმეზე. ასეთი პირი იძენს მოსარჩელის უფლება-მოვალეობებს.

მ. პ. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე სარგებლობს შეზღუდული უფლებებით. 

საქართვ. ადმინ. საპროცესო კოდექსის (1999) მიხედვით, მ. პ. საქმეში შეიძლება ჩაერთოს როგორც ნებისმიერი დაინტერესებული პირის, ისე სასამართლოს ინიციატივით.  მ. პ.-ის საქმეში ჩართვა სავალდებულოა, თუ იგი არის იმ   სამართალურთიერთობის მონაწილე, რ-ზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. თუ ასეთ პირთა რაოდენობა 10-ზე მეტია, სასამართლო საქმეში ჩააბამს მხოლოდ იმ პირებს, რ-ებიც ამის სურვილს გამოთქვამენ.

                                                                       ი. უჯმაჯურიძე