მესეფენი

მესეფენი, ქართული მითოლოგიური პანთეონის გმირები. შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ქართვ. ტომთა წარმოდგენით, მ. მესეფობის პერიოდში (ძვ. სტილით 28 ოქტ-იდან 3 ნოემბრამდე) ამოდიან ზღვიდან. მათზეა დამოკიდებული თევზთა და ნადირთა სიმრავლე, ამინდის ცვალებადობა და სხვ. ნადირთა მფარველი მ. მართავენ ღრეობებს, ჭამენ და კვლავ აცოცხლებენ ნადირს. მონადირეებს მხოლოდ მათ მიერ ნაჭამი და გაცოცხლებული ნადირი ერგება. მ-ს თან დასდევს შავი ძაღლი. უკან წასვლისას იტაცებენ მთელი წლის სამყოფ ოთხფეხს და მათთან ერთად უბრუნდებიან ზღვის ფსკერს. ამიტომ, მ-ის „მოსვლისას“ ყველა თავის სახლის კარს კეტავდა და რკინას (წალდი ან ნამგალი) ადებდა ავი თვალის ასაცილებლად. ტერმ. „მესეფე“ გამრიგებელს, მეუფეს უნდა ნიშნავდეს.                                                                                  

ლიტ.: აბაკელია ნ., „დაიმონები“ ქართულ მითო-რიტუალურ სისტემაში, „სემიოტიკა“, 2008, №3; ვირსალაძე ე., ქართული სამონადირეო ეპოსი, თბ., 1964; თანდილავა ზ., ღვთაება მესეფის მითოლოგიური სახის გაგებისათვის, კრ. საქართველოს ზეპირსიტყვიერება, სამხრეთ-დასავლეთ არქიმანდრიტები, თბ., 1986; მაკალათია მ., წყლის სტიქიასთან ასოცირებული ანთროპომორფული ღვთაებები – მესეფები, კრ. ეთნოლოგიური ძიებანი, I, თბ., 2000; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, თბ., 1979  (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).

ე. ვირსალაძე