მესტვირე

მესტვირე, გუდასტვირის დამკვრელი, მომღერალი, მელექსე. საწესჩვეულებო დღესასწაულებისა და სახალხო სანახაობათა ერთ-ერთი პოპულ. მონაწილე. მესტვირეობა გავრცელებული იყო საქართვ. სხვადასხვა  კუთხეში: ქართლში, მესხეთში, ფშავში, აჭარაში, განსაკუთრებით კი რაჭაში (სოფ. ფარახეთი), აგრეთვე თურქეთის ტერიტ-ზე არსებულ ქართულ ისტ. მხარეებში – ლაზეთში, შავშეთსა და ტაოში. გუდასტვირს აჭარაში ჭიბონს ანუ ჭიმონს უწოდებენ. მესტვირული ტრადიცია სათავეს იღებს ქართლიდან. პირველი ცნობა მ-ის შესახებ განეკუთვნება IX ს-ს. იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ თანახმად ქართლში ნაქები ყოფილა მესტვირე კიჭიაშვილი. XVIII–XIX სს. ცნობილი მ-ები იყვნენ: კოტაშვილი, ქებაძე, ბლიაძე, ნ. და ლ. ტოგონიძეები, დ. და ი. ბურდილაძეები, ზ. და მ. ერაძეები. მ-ები პროფესიონალი მუსიკოსები იყვნენ. ძირითადი საქმიანობისგან თავისუფალ დროს თვეობით მოგზაურობდნენ საქართვ. სოფლებსა და ქალაქებში, აგრეთვე ბაქოში, ერევანში, მოზდოკში, სადაც მათ უხვად ასაჩუქრებდნენ. მ-ის რეპერტუაში შედის საგმირო-საისტორიო, საყოფაცხოვრებო, სამიჯნურო ლექსები, რელიგ. სიუჟეტები, შაირები. მ-ებს შორის იმართებოდა შეჯიბრება. ცნობილია კოტაშვილისა და მანანას გაშაირება. მ-ის ტრადიცია უკავშირდებოდა სახ. დღესასწაულებს, წეს-ჩვეულებებს. მ-ები მონაწილეობდნენ საუფლო დღესასწაულებშიც. მესტვირული პოეზია ზოგადქართული მოვლენაა. მისმა საუკეთესო ნიმუშებმა გარკვეული როლი შეასრულა XIX ს. სალიტ. ენის ჩამოყალიბებაში. მ. იმპროვიზაციის ოსტატი იყო, შეეძლო წინასწარი მომზადების გარეშე გამოეთქვა და დაემღერებინა ლექსი. მ-თა მოღვაწეობას გარკვეული პოლიტ. დატვირთვაც ჰქონდა: გამუდმებულ საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას მოხეტიალე მუსიკოსები დიდ სამსახურს უწევდნენ.

ლიტ.: კარგარეთელი ი., ქართული სახალხო სიმღერები, ტფ., 1899; მსხალაძე ა., ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკის ისტორიიდან, თბ., 1969; შილაკაძე მ., ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა, თბ., 1970; ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, ტ. 1. თბ., 1975; ცანავა ა., ქართული მესტვირული პოეზია, თბ., 1953; Корганов В., «Грузинский трубадур», Сб. «Кавказская музыка», Тфл., 1908;