მესტია

მესტია (ყოფილი სეტი), დაბა (1968-იდან), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტის ადმ. ცენტრი.  სახელწოდება მესტია მომდინარეობს სეტისგან, ანუ მესვეტისგან (მესვეტია), რაც აქ მდებარე ეკლესიის წმ. სვეტთანაა (სვეტიცხოვლის მსგავსად) დაკავშირებული. სეტი თავდაპირველად აზნაურ ჯაფარიძეების სამოსახლო ტერიტორიას ერქვა. მას სხვანაირად „ლეურგე“ ანუ ლევარგე (ვარგ-აზნაური) ეწოდებოდა. სეტში (ანუ სეტის ხევში) პირველად ორი სოფელი – ლეხთაგი და ლანჩვალი (სხვანაირად ლუგლეხე) ერთიანდებოდა, შემდეგ დაემატა ლახამიც.

მ. მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდ-ების – მესტიაჭალისა და მულხრის გაშლილ ნაპირებზე, ზ. დ 1500 სიმაღლეზე. მ-ში ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. საშ, წლიური ტემპ-რაა 5,70C,  იანვ. – -6,40C,  ივლისის – 16,40C,   აბსოლ. მინ. – -350C,  აბსოლ. მაქს. 350C,  ნალექები – 1035 მმ  წელიწადში. მოსახლეობა შეადგენს 1973 კაცს. მ-ში არის ადმ. კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებები. დაბის მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულია სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებში, აგრეთვე დაკავებულია ტურიზმით, მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობას მისდევს.

მ-ს ემსახურება თამარ მეფის სახ. აეროპორტი. უახლოესი რკინიგზის სადგური მდებარეობს ზუგდიდში და მ-თან დაკავშირებულია საავტომობილო გზით. მ. სვანეთის ტურიზმის ცენტრია, რ-საც განვითარების კარგი შესაძლებლობა აქვს.

დაბა ქართ. ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია, სადაც კარგად არის შემონახული სვანური სახლ-სიმაგრეები და შუა საუკუნეების საკულტო ნაგებობანი, სეტის მთავარანგელოზთა და ფუსტის ეკლესიები. მ-ში მდებარეობს სვანეთის ისტ-ეთნოგ. მუზეუმი, რ-შიც დაცულია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს.), ძვ. ქართული ენისა და დამწერლობის უძველესი ძეგლი – ადიშის ოთხთავი (წ. 879) და ქართული ჭედური ხელოვნ. მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში. ახალი მუზეუმის მშენებლობა (არქიტ. კ. კიკნაძე) დასრულდა 2013. წ. დაბაში  მოქმედებს  ცნობილი ქართველი ალპინისტის – მ. ხერგიანის სახლ-მუზეუმი. 2021 მ-ის ცენტრ. მოედანზე, სეტში, დადგეს ცხენზე ამხედრებული თამარ მეფის ძეგლი  (ავტ. ვ. მელიქიშვილი), რ-საც განახლებული მ-ის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად  მიიჩნევენ.