მესტიის ჭედური ჯვარი, საკურთხევლის წინ დასადგმელი XI ს. I ნახ-ის ვერცხლის მოოქრული ჭედური ჯვარი. დაბრძანებული იყო სოფ. მესტიის ძველ ეკლესიაში, ამჟამად ინახება სვანეთის ისტ. და ეთნოგრ. მუზეუმში. ჯვრის ზომებია 125 X 77 სმ. აკლია ქვედა ნაწილი, 3 ფირფიტა, რ-ზედაც რელიეფების გარდა ქტიტორული წარწერა უნდა ყოფილიყო. ჩვენამდე მოაღწია ჯვრის ნაწილმა, რ-ზეც გამოსახულია 9 სცენა წმ. გიორგის ცხოვრებიდან, ჯვრის უკანა მხარე და გვერდები დაფარულია მცენარეული ორნამენტებით. კომპოზიციები მაღალმხატვრული დონისაა; სცენების გადმოცემაში მიღწეულია მონუმენტურობა, კომპოზიციური მთლიანობა; ფიგურები პლასტიკური, ელასტიკური და მეტყველია, მოძრაობა – ბუნებრივი. ოსტატი დიდი ზომიერებით გადმოგვცემს როგორც ზოგად ფორმას, ისე ცალკეულ დეტალებს, ჯვრის დეკორატიულ მორთულობაში ამჟღავნებს სწრაფვას მოცულობისაკენ. მ. ჭ. ჯ. ქართ. ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი ძეგლია.
ლიტ.: Чубинашвили Г. Н., Грузинское чеканное искусство, Тб., 1959.