მესხეთის ქედი, ა ჭ ა რ ა - ი მ ე რ ე თ ი ს ქ ე დ ი (ძვ. ღადო, ლომსია, ანუ ფერსათი), მცირე კავკასიონის შემადგენელი ქედი უკიდურეს დას. ნაწილში. გაწოლილია შავი ზღვიდან ბორჯომის ხეობამდე. იგი გამოყოფს კოლხეთის ბარს აჭარისა და ახალციხის მთიანი ქვაბულებისაგან და წარმოადგენს წყალგამყოფს მდ-ების – კინტრიშის, ნატანების, სუფსისა და რიონის მარცხ. შენაკადებისა და აჭარისწყლის, ქვაბლიანისა და მტკვრის მარცხ. შენაკადთა აუზებს შორის. სიგრძე – 140 კმ, უდიდესი განი – 45 კმ. უმაღლესი მწვ. – მეფისწყარო (2850 მ). ქედზე აღმართულია 2500 მ-ზე მაღალი მწვერვალები: ხინო, თაგინაური, საყორნია, ზოტისმთა, დიდმაღალი, სანისლია, ნაგება, მეღვრუკი. უღელტეხილებს შორის აღსანიშნავია ზეკარი (2180 მ), რ-ზეც გადის საავტომობილო გზა აბასთუმანი–საირმე–ბაღდათი. მ. ქ-ის ნაოჭა სტრუქტურის რელიეფი აგებულია ეოცენური ასაკის ვულკანოგენური დანალექი ქანებით: ბაზალტებით, ანდეზიტებით, ტუფბრექჩიებით, მერგელებით. ქედის დას. ნაწილს ჩრდ-იდან ეკვრის უფრო ახალგაზრდა ქანებით აგებული გურიის სერი, ხოლო შუა ნაწილს სამხრ-იდან – ნეოგენური ლავებით აგებული ფერსათის პლატო, რომლის ყველა მხრე ქარაფია. ქარაფების ძირში პლატოს ზედაპირი ეროზიულ-დენუდაციური წარმოშობისაა და გამყინვარება არ განუცდია. პლატოს კიდეზე აღმართულია მწვერვალები: უსახელო, ფერსათი, საბურთალო. ქედის თხემურ ზონაში შემორჩენილია მეოთხეული სუსტი გამყინვარების კვალი. 2400 მ-ზე მაღალ მწვერვალებზე გვხვდება მყინვარული ფორმები: მორენები, კარები, მცირე ზომის ტროგები. თხემის მწვერვალების ჩრდ. ფერდი სამხრეთთან შედარებით კლდოვანია და ციცაბო. კალთებში ჩაჭრილია მდ-ების – ხანისწყლის, სულორის, სუფსის, ნატანების, კინტრიშის, ჩაქვისწყლისა და სხვ. ღრმა ხეობები. ქედის დას. ნაწილი გამოირჩევა ატმოსფერული ნალექების მაქს. ოდენობით (მთა მტირალა 4500 მმ). ხეობები მდიდარია მესამეულის რელიქტური სუბტრ. მცენარეებით.
მ. ქ. 2000–2200 მ სიმაღლემდე შემოსილია ტყით. 1000–1200 მ-მდე შერეული ფოთლოვანი ტყეებია (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი), ხოლო უფრო ზემოთ – წიწვიანები (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი). თხემურ ზოლში გავრცელებულია სუბალპ. და ალპ. მდელოები და დეკიანები. ძნელად მისადგომ ადგილებში დღემდე დიდი რაოდენობით ბინადრობს დათვი, შველი, ირემი, არჩვი.
მ. ქ. მდიდარია ბალნეოლოგიური (საირმე, ნაბეღლავი, ზეკარი) და კლიმატური (აბასთუმანი, ბახმარო, შუაგორა, გომისმთა და სხვ.) კურორტებით.
ლიტ.: გობეჯიშვილი რ., საქართველოს რელიეფი, თბ., 2011., მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ. 2, თბ.,1970.