მესხი ეფემია სიმონის ასული [11(23). VII. 1862, ქუთაისი, – 28. II. 1941, თბილისი], თეატრის მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1922). პირველად სცენაზე გამოვიდა თბილ. პროფ. თეატრში (1882). შეასრულა ლუიზას როლი ბაიარისა და ვარერბურხის კომედიაში „პარიზელი ბიჭი“. 1885–94 ქუთ. პროფ. დასის მსახიობი იყო, სადაც ითამაშა თავისი პირველი როლი შუშანა (ა. სუნდუკიანის „პეპო“). 1907–10 მუშაობდა ბაქოს ქართ. თეატრში, რ-ის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი თვითონ იყო. 1913–14 მოღვაწეობდა ბათუმის თეატრში, სადაც ითამაშა შ. დადიანის რეჟისურით დადგმულ სპექტაკლებში (მედეა, ა. სუვორინისა და ვ. ბურენინის „მედეა“). გამორჩეულია მისი შესრულებული დრამ. როლები: ქეთევან დედოფალი (ა. ყაზბეგის „ქეთევან წამებული“), ტურფა, თამარი (ა. წერეთლის „პატარა კახი“ „თამარ ცბიერი“), ქეთევანი (დ. ერისთავის „სამშობლო“), დედა (ი. ჭავჭავაძის „ქართლის დედა“), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ოფელია, დეზდემონა (უ. შექსპირის „ჰამლეტი“, „ოტელო“), მარგარიტა გოტიე (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“) და სხვ. ასევე წარმატებით ასრულებდა კომედიურ როლებს. მსახიობის გამორჩეულ ოსტატობაზე, პლასტიკასა და მეტყველების კულტურაზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა იმდროინდელი პერიოდული პრესა.
ლიტ.: ეფემია მესხი. მასალები შეაგროვა, შესავალი წერილი და შენიშვნები დაურთო მ. ცხომარიამ. თბ., 1957.
დ. ივანიშვილი