მესხი ივანე სიმონის ძე

ი. მესხი

მესხი ივანე სიმონის ძე (1849, სოფ. რიონი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, –1931, თბილისი), საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, მთარგმნელი. ქუთ. გიმნაზიის დამთავრების  შემდეგ (1869) შევიდა პეტერბურგის ქირურგიის აკადემიაში; 1871-იდან სწავლობდა ჯერ ციურიხის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტზე, შემდეგ ამავე ქალაქის პედ. ინ-ტში, რ-ის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ციურიხში სწავლისას სხვებთან ერთად დააარსა უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების საზ-ბა „უღელი“. ერთხანს ქუთაისში მასწავლებლობდა თავისსავე დაარსებულ პირველდაწყებით სასწავლებელში, შემდეგ ქალაქის თვითმმართველობის წევრი და გამგეობის მდივანი იყო. 70-იანი წლებიდან თანამშრომლობდა „დროებასა“ და „კრებულში“. 1888-იდან ბათუმში ქალაქის თვითმმართველობის მდივანი გახდა. იღვწოდა კულტ. ცხოვრების აღორძინებისა და აჭარაში სწავლა-განათლების გავრცელებისათვის. მ-ს ეკუთვნის ვრცელი ნაშრომი „ბათუმის საქალაქო მეურნეობის განვითარების ნარკვევი“ (რუს. ენაზე), გოგოლის, დობროლიუბოვის, ნეკრასოვის თხზულებათა თარგმანები და სხვ.          

ლიტ.: მესხი დ., მოგონებანი, თბ., 1940; მეფისაშვილი გ., მესხების ოჯახი, ათბ., 1970; სურმანიძე რ., ივანე მესხი (ქალაქის მდივანი) თბ., 2013.

ს. ყუბანეიშვილი