თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა (თსუგ), დაარსდა 1933 წლის 4 მაისს. 1918, ივ. ჯავახიშვილის თაოსნობით შეიქმნა საგამომცემლო კომისია ა. შანიძის და ს. ყაუხჩიშვილის შემადგენლობით, რ-საც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. რაზმაძე, ს. ყაუხჩიშვილი და სხვ. თსუ-ის გრიფით პირველი წიგნი (ლ. ყანჩაველის დამხმარე სახელმძღვანელო ბოტანიკაში) გამოვიდა 1919. ამავე დროს დაისტამბა „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბის” პირველი ტომი სამ ნაკვეთად. 1920-იდან დაიწყო თსუ-ის „შრომების” გამოცემა. 1923 მაისში გაიხსნა სტამბა – ლითოგრაფია. საუნივერსიტეტო სტამბის დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანა შ. ნუცუბიძემ, რ-იც იმხანად თსუ-ის პრორექტორი იყო სამეცნ. მუშაობის დარგში.
თსუგ-ის დაარსებისას პირველ პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნა ე. წულაძე; 1933 წ. 29 მაისს შეიქმნა საგამომცემლო საბჭო თსუ-ის რექტორის, ლ. აღნიაშვილის მეთაურობით. იმავე წელს გამოიცა სამი წიგნი.
თსუგ-ის დირექტორები იყვნენ - გ. თოდუა, ა. გაბესკირია. 1941 გამოიცა სამეცნ. ნაშრომები: ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფია”, კ. კეკელიძის „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის” პირველი ტომი, მ. გოგიბერიძის „ფილოსოფიის ისტორია” და ა. შ.
რესკუბლიკაში საგამომცემლო საქმიანობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, 1963 თსუ-ის გამომცემლობა გაუქმდა, მუშაობდა მხოლოდ სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფი. 1965 გამომცემლობა კვლავ აღდგა, რ-ის დირექტორად დაინიშნა ვ. გამყრელიძე. მის სახელთანაა დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი ნაშრომების გამოცემა, როგორებიცაა: კ. ბაქრაძის ათტომეული (ექვსი ტომი ქართულად, ოთხი ტომი რუსულად), ს. დანელიას ოთხტომეული, ივ. ჯავახიშვილის „თხზულებანი”, ა. შანიძის მრავალტომეული და სხვ. 1991 თსუგ-ის დირექტორად ნ. ბერძენიშვილი დაინიშნა; ამ პერიოდში გაგრძელდა „უნივერსიტეტის შრომების”, სახელმძღვანელოებისა და საცნობარო ლიტ-რის გამოცემა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: „ქართული დიპლომატია” (წელიწდეული, თექვსმეტი ტომი), „ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები” (ორტომეული), „ქართული დიპლომატიური ლექსიკონი” (ორტომეული) და „ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი”. 2006 წ. 1 აპრილიდან უნ-ტში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, გამომცემლობა გაუქმდა, ოქტომბრიდან იგი ჩამოყალიბდა უნ-ტის ორგანიზაციული სტრუქტურის ერთეულად. ამ დროიდან 2008 წ. აპრილამდე თსუგ-ის დირექტორი იყო ნ. წიკლაური, 2008-იდან დღემდე – თ. ებრალიძე. ამ პერიოდში გამოიცა: „ივირონის აქტები” (ოთხ ტომად), მ. ჩუხუას „იბერიულ-იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა”, მ. წერეთლის „გილგამეშიანი”, ლ. ალექსიძის „საერთაშორისო სამართალი და საქართველო”, პ. პაკტესა და ფ. მელენ-სუკრამანანის „კონსტიტუციური სამართალი” და სხვ. თსუგ-ში დაიბეჭდა თ. გამყრელიძის სამეცნ. შრომების დიდი ნაწილი: „ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები”, I–II, 1984 (თანაავტ. ვ. ივანოვი; რუს. ენაზე); „წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა” (1990); „რჩეული ქართველოლოგიური შრომები” (2000); „თეორიული ენათმეცნიერების კურსი” (თანაავტ.; 2003, II გამოც. – 2008); „ენა და ენობრივი ნიშანი” (2008); „რჩეული წერილები და გამოსვლები” (2014). ამჟამად თსუგ ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის შემადგენელი ნაწილია.